Thumbnail

ტექსასის შტატში მდებარე ბარში პირბადით შესვლა აიკრძალა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

აშშ-ის ტექსასის შტატის ქალაქ ელგინში მდებარე ბარში სახელწოდებით Liberty Tree Tavern მომხმარებლები დამცავი ნიღბით ვეღარ შევლენ. მისი მეპატრონე, კევინ სმიტი აცხადებს, რომ ეს აკრძალვა პასუხია მათთვის, ვინც უსარგებლო წესების ადამიანებისთვის ძალით თავზე მოხვევას ცდილობს. 

სმიტი მიიჩნევს, რომ პატარა დასახლებაში, რომელშიც სულ 10 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს, COVID-19-ის გავრცელების საფრთხე დაბალია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული დროისთვის იქ კორონავირუსით ინფიცირების უკვე 52 შემთხვევაა აღრიცხული.

"თუ ჩვენი მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ დამცავი ნიღბის ტარება სჭირდებათ, ისინი უნდა დარჩნენ სახლში მანამ, სანამ არ იგრძნობენ, რომ საჯარო სივრცეში გამოსვლა მის გარეშეც უსაფრთხო იქნება. ბოდიში, ნიღაბით შემოსვლა არ შეიძლება", - ვკითხულობთ ბარის კარზე გამოკრულ განცხადებაში.

ქალაქ ელგინში მდებარე ბარის მომხმარებლებს კარანტინის დასრულების შემდეგ გახსნილი დაწესებულების კარზე დამცავი ნიღბების ამკრძალავი განცხადება დახვდათ. ფოტო: Kxan

აღსანიშნავია ისიც, რომ ბარში პირბადით შესვლის აკრძალვის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ გაცემული ისეთი რეკომენდაცია, როგორიცაა მომხმარებელთა შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, მის ტერიტორიაზე მაინც მოქმედებს. 

კორონავირუსის პანდემიის გამო დამცავი ნიღაბი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თავისი პირდაპირი ფუნქციის გარდა, მან ორიგინალური აქსესუარის როლიც შეითავსა და მოდურ ტრენდადაც მოგვევლინა. მის დახვეწასა და ახალი მოდელების შექმნაზე უამრავი გამოგონებელი მუშაობს, მათ შორის საქართველოშიც, სადაც 3D პრინტერის საშუალებით მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისაგან დამცავი ელექტრონიღაბი დაამზადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები