Thumbnail

გინესის რეკორდის მფლობელი 10 ცხოველი

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

გასული საუკუნის 50-იან წლების დასაწყისში ლუდსახარში კომპანია "გინესის" აღმასრულებელ დირექტორს, ჰიუ ბივერს მეგობრებთან კამათი მოუვიდა. პატივცემული ჯენტლმენები ვერაფრით შეთანხმდნენ, რომელი იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფრინველი. პასუხს მათ ვერც იმ დროისთვის ხელმისაწვდომ წერილობით წყაროებში მიაკვლიეს. სწორედ ამიტომ, ბივერმა გადაწყვიტა, შეექმნა ავტორიტეტული ცნობარი, რომელიც ბრიტანული და ირლანდიური პაბების ვიზიტორებს ამა თუ იმ ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ დავების გადაწყვეტაში დაეხმარებოდა. 1955 წელს კი დღის სინათლე გინესის რეკორდების წიგნის პირველმა გამოცემამ იხილა.

თავდაპირველად წიგნი მხოლოდ მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი გამომცემლები უნიკალური მიღწევებისა და მოვლენების, მათ შორის სპორტული და სხვა სახის რეკორდებისადმი მიძღვნილი განყოფილებების შევსებაზე ფოკუსირდნენ. ისინი ყოველწლიურად 50 ათასზე მეტ განაცხადს იღებენ, რომელთა ავტორები უკვე არსებული რეკორდების გაუმჯობესებას ან ახლის დამყარებასა და ამ გზით მსოფლიო აღიარების მოპოვებას ცდილობენ. თუმცა, რეკორდსმენები მხოლოდ ადამიანები არ არიან. გამოცემაში ცალკე ადგილი უნიკალური შესაძლებლობისა თუ ფიზიკური მახასიათებლის მქონე წყლისა და ხმელეთის ბინადრებსაც ეთმობა.

ჩვენს სტატიაში სწორედ გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელი 10 ცხოველის შესახებ მოგითხრობთ. 

ოქროსფერი რეტრივერი ფინლი მოლოი

6 წლის ოქროსფერ რეტრივერ ფინლი მოლოის პირით ჩოგბურთის 6 ბურთის ერთდროულად დაჭერა შეუძლია. ბურთების სიყვარულით ის პატარაობიდანვე გამოირჩეოდა და რამდენიმეს ერთდროულად აღებასაც ხშირად ცდილობდა. 2020 წელს კი გინესის რეკორდიც დაამყარა.

სეიშელის გიგანტური კუ ჯონათანი

188 წლის გიგანტური კუ ჯონათანი ჩვენი პლანეტის უხუცესი ცხოველია. ის 1832 წელს სეიშელის კუნძულებზე დაიბადა და ამჟამად წმინდა ელენეს კუნძულზე ბინადრობს. ჯონათანის სიცოცხლის განმავლობაში ბრიტანეთის 6 მონარქი, 51 პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის 38 პრეზიდენტი შეიცვალა. 

ინგლისური ანგორის კურდღელი ფრანჩესკა

კალიფორნიაში მობინადრე ფრანჩესკა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბეწვის მქონე კურდღლად ითვლება. მისი სიგრძე 36.5 სანტიმეტრია. ამ ფიზიკური მახასიათებლის გამო, ფუმფულა ბაჭია ხშირად პეკინესის ჯიშის ძაღლიც კი ჰგონიათ.

მლაშე წყლის ნიანგი კასიუსი

დაახლოებით 100 წლის ასაკის კასიუსის სხეულის სიგრძე 5.48 მეტრია. ის ამ დროისთვის ტყვეობაში მყოფი ყველაზე დიდი ცოცხალი ნიანგია. რეპტილია 1987 წელს ჩრდილოეთ ავსტრალიაში შეიპყრეს და ქუინსლენდის შტატში მდებარე ველური ბუნების პარკში დააბინავეს.  

ბრიარდი ნორმანი

აშშ-ში მცხოვრები ნორმანი გინესის ორ მსოფლიო რეკორდს ფლობს. 2013 წელს მან თვითგორიათი 30-მეტრიანი დისტანცია ძაღლებს შორის ყველაზე სწრაფად, 20.77 წამში დაფარა, ხოლო მომდევნო წელს ამავე მანძილის ველოსიპედით გასავლელად 55.41 წამი დასჭირდა.

ტექსასური გრძელრქიანი ხარი პონჩო ვია

7 წლის პონჩო ვიას რქების ჯამური სიგრძე 3.24 მეტრს შეადგენს, რაც ხარებს შორის დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გინესის რეკორდი პონჩო ვიამ 2019 წლის 8 მაისს დაამყარა.

ჰოლანდიური ყურდაშვებული კურდღელი ბინი

4 წლის კუდღელმა ბინიმ 1 წუთის განმავლობაში მინისტურული ბურთი კალათში 7-ჯერ ჩატენა და გინესის რეკორდიც დაამყარა. აღსანიშნავია, რომ სპორტის გარდა ბინი ფერწერითაცაა დაინტერესებული და არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი.

ლეფხვი ჰერკულესი

ჰერკულესი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი ცოცხალი წარმომადგენელია. მდედრი ვეფხვისა და მამრი ლომის ჰიბრიდის სხეულის სიგრძე 3.33 მეტრს, წონა კი 418 კილოგრამს შეადგენს. ის აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ველური ბუნების პარკში ბინადრობს.

თუთიყუში ზაკი

აშშ-ში მობინადრე თუთიყუში ზაკი გინესის ორგზის რეკორდსმენია. 2011 წელს მან 1 წუთში ამ სახეობის ფრინველებს შორის ყველაზე მეტი, 22 მინიატურული ბურთი ჩააგდო კალათში, მომდევნო წელს კი ამავე დროის განმავლობაში 35 ალუმინის ქილის გახსნა შეძლო.

ბადისებრი პითონი მედუზა

7.67-მეტრიანი ბადისებრი პითონი სახელად მედუზა ტყვეობაში მყოფი ყველაზე გრძელი გველია. ის აშშ-ის მისურის შტატში ბინადრობს და საცირკო წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას. 

კომენტარები

ბოლო ამბები