Thumbnail

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკვატორული პროვინციის დედაქალაქ მბანდაკაში ებოლას ახალ ტალღას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ამ რეგიონის გარდა, საშიში ვირუსი კონგოს აღმოსავლეთ ნაწილშიც გავრცელდა, თუმცა იქ სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის ეს აფრიკული სახელმწიფო ერთდროულად სამ ეპიდემიურ დაავადებას - ებოლას, წითელასა და ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-ს ებრძვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, ოთხი მოქალაქე 18-დან 30 მაისამდე დროის პერიოდში გარდაიცვალა, თუმცა მათი სიკვდილის მიზეზი მხოლოდ 1 ივნისს, ლაბორატორიული კვლევების შემდეგ დადასტურდა. იმავე დღეს მათ რიცხვს 15 წლის გოგონაც შეემატა. დაღუპულებთან კონტაქტში მყოფი პირები ამჟამად საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფებიან და მკურნალობის კურსს გადიან.

ებოლას ვირუსი. ფოტო: CDC

ეკვატორული პროვინციის გუბერნატორმა, ბობო ბოლოკო ბოლუმბომ რადიოს საშუალებით მოსახლეობას მიმართა და ჰიგიენის ნორმებისა და სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა. მომხდარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც გამოეხმაურა, რომლის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მხარდაჭერა გამოუცხადა და უახლოეს დროში ქვეყანაში ეპიდემიოლოგთა ჯგუფის გაგზავნა დააანონსა. მისი თქმით, საზოგადოებისა და სპეციალისტების ყურადღება მხოლოდ კორონავირუსის პანდემიაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს სხვა დაავადებებიც უქმნის.

10 მომაკვდინებელი ეპიდემიური დაავადება

ებოლას ვირუსს სახელი იმ მდინარის პატივსაცემად ეწოდა, რომლის სანაპიროებთანაც დაავადების კერა გაჩნდა. მისი ეპიდემია პირველად 1976 წელს აფრიკაში, კერძოდ, სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელდა. დაავადება ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტისას, სისხლითა და სხეულის სხვა სითხეებით გადადის და ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს, რომლისგანაც პაციენტების უმეტესობა იღუპება. ებოლათი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 60 პროცენტს აჭარბებს. კონგოსთვის ეს რიგით მე-11 ეპიდემიაა. ქალაქ მბანდაკას ვირუსთან გამკლავება უკანასკნელად 2018 წელს მოუწია. მაშინ იქ ინფიცირებულთა რაოდენობამ 54-ს მიაღწია, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები