Thumbnail

იბუპროფენს COVID-19-ის სამკურნალოდ ცდიან

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

დიდი ბრიტანეთის სამკურნალო დაწესებულებებსა და ლონდონის სამეფო კოლეჯში მომუშავე მეცნიერების ვარაუდით, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი იბუპროფენი, შესაძლოა, COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მოხსნაში დაეხმაროს. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ მედიკამენტით მკურნალობის შედეგად, ინტენსიური თერაპიისა და ფილტვების სავენტილაციო აპარატების გამოყენების საჭიროება აღარ იქნება და პაციენტების მიერ საავადმყოფოში გატარებული დროც შემცირდება.

"ჩვენი ვარაუდი კვლევის შედეგებზეა დაფუძნებული. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომით, რომელიც COVID-19-ის გართულებისას ვითარდება, მათი 80 პროცენტი იღუპება. თუმცა, იბუპროფენის მიღებისას, გადარჩენის შანსი 80 პროცენტით იზრდებოდა. იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინების რეალობაში დავრწმუნდეთ, კვლევის გაგრძელებაა საჭირო", - აცხადებს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი, მიტულ მეტა.

Liberate-ს სახელით ცნობილ კვლევაში მონაწილეობას 18 წლის ასაკზე უფროსი 230 ჰოსპიტალიზებული ადამიანი მიიღებს. მათი ნახევარი სტანდარტულ მკურნალობას გააგრძელებს, მეორე ნაწილს კი დამატებით იბუპროფენსაც დაუნიშნავენ. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის დროს არა აფთიაქებში ხელმისაწვდომ ჩვეულებრივ აბებს, არამედ სპეციალურად შემუშავებულ ფორმულას გამოიყენებენ. ზოგიერთი პაციენტი მას უკვე იღებს კაფსულის სახით ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი.

მკვლევართა გუნდის ერთ-ერთი წევრის, პროფესორ მიტულ მეტას ვარაუდით, COVID-19-ის მკურნალობისას იბუპროფენის გამოყენება პაციენტებისთვის სასიკეთო შედეგს მოიტანს.  

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლივიე ვერანმა განაცხადა, რომ იბუპროფენის მსგავსმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, შესაძლოა, პაციენტების მდგომარეობა დაამძიმოს და მის ნაცვლად მოსახლეობას პარაცეტამოლის მიღება ურჩია. კორონავირუსის მკურნალობისას იბუპროფენის გამოყენებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა ეს განცხადება მალევე უარყვეს.

COVID-19-ის ვაქცინამ ცდის პირველ ეტაპზე დადებითი შედეგი აჩვენა

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის საშუალებების მარეგულირებელი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების დროს უსაფრთხოა როგორც პარაცეტამოლის, ასევე იბუპროფენის მიღება. ორივე ამ პრეპარატს ტემპერატურის დაწევა და დაავადების სხვა სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური კი ზომიერად გამოხატული სიმპტოპების დროს მოსახლეობას, პირველ რიგში, პარაცეტამოლის მიღებას ურჩევს, რადგანაც მას ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს და ადამიანების უმეტესობისთვის უსაფრთხოა.

კომენტარები

ბოლო ამბები