Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის კომპანიამ SpaceX ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 60 ახალი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. კოსმოსური ხომალდების უმსხვილესი მწარმოებლისთვის ეს პროექტ Starlink-ის ფარგლებში განხორციელებული მერვე მისია იყო, რის შედეგადაც დედამიწის გარშემო განლაგებული მიკროსატელიტების რაოდენობამ 482-ს მიაღწია.

► ილონ მასკის თქმით, Starlink-ის ინტერნეტი მალე ხელმისაწვდომი იქნება

რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან აფრინდა და თანამგზავრები პლანეტის დაბალ ორბიტაზე გაიყვანა. ამის შემდეგ მისი პირველი, მრავალჯერადი გამოყენების საფეხური, რომელსაც უკვე ხუთ ფრენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, დედამიწაზე დაბრუნდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურ პლატფორმაზე დაეშვა.

 

ამავე ტიპის რაკეტით განხორციელდა 30 მაისის ისტორიული გაშვებაც, რომლის დროსაც ამერიკელმა ასტრონავტებმა, რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიაღწიეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის აპრილში Falcon-მა რეკორდი დაამყარა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებად კოსმოსურ აპარატად იქცა.

► ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

ილონ მასკის კომპანიის ამოცანა ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. პირველ ეტაპზე მათი რაოდენობა 1584-ს მიაღწევს, მომავალში კი ორბიტაზე 42 ათასი სატელიტის განთავსებას იმედოვნებენ.

2020 წელს პროექტ Starlink-ის ფარგლებში SpaceX-ს სულ 24 გაშვება აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფ ინტერნეტს პირველი მომხარებლები მიიღებენ. 2021 წლიდან კი ქსელში თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები