Thumbnail

ნახეთ: ნორვეგიაში მეწყერმა ზღვაში 8 სახლი ჩაიტანა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ალტას მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 საცხოვრებელი სახლი ზღვაში ჩაიტანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დასახლებაში ძირითადად აგარაკები მდებარეობს, რომლებსაც მფლობელები დასვენების დღეებში სტუმრობენ. სამაშველო სამსახურმა სტიქიური უბედურების ზონიდან ვერტმფრენით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა და წყლის ნაკადით წაღებული ძაღლის გადაარჩენაც შეძლო.

ერთ-ერთმა თვითხილველმა მომხდარის ვიდეოზე აღბეჭდვა შეძლო. კადრებში ჩანს დაახლოებით 650 მეტრი სიგანისა და 160 მეტრი სიღრმის მიწის მონაკვეთი, ზედ განლაგებული სახლებით, რომელიც ხმელეთს გამოეყოფა და ნელ-ნელა ზღვაში იძირება.

 

ადგილობრივების განცხადებით, მოახლოებული საფრთხის შესახებ მათ მიწისქვეშა ბიძგებმა ამცნო. მალე ადგილზე პოლიცია და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები გამოცხადდნენ, რომლებმაც სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

ჰიდროლოგების თქმით, სტიქიური უბედურების მიზეზი ჩრდილოეთ ნორვეგიაში ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ მოსული გაზაფხული და ტემპერატურის მკვეთრი მატება გახდა. ამან ჭარბად მოსული თოვლის დნობა და ნიადაგის წყლით გაჟღენთვა გამოიწვია, რაც ახალი მეწყრებისა და წყალდიდობების შესაძლებლობას ზრდის. 

► ანტარქტიდაზე თოვლი მწვანედ შეიფერა

ამჟამად ტერიტორია მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. გრუნტი კვლავ მოძრაობს და სპეციალისტები ბუნებრივი კატაკლიზმის გამეორებას ელიან. ქალაქში ანტიკრიზისული შტაბი შეიქმნა. კონტროლდება წყლის დონე, მომავალ კვირაში კი ნიადაგის გამოკვლევა იგეგმება.

მეწყერმა ზღვაში 8 საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა

ფოტო:  Andres Bjordal

მეწყერმა ზღვაში 8 საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა

ფოტო: Christian Krakenes

მეწყერმა ზღვაში 8 საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა

ფოტო: Christian Krakenes

მეწყერმა ზღვაში 8 საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა

ფოტო: Christian Krakenes

კომენტარები

ბოლო ამბები