Thumbnail

ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელიდან შეიტყო

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ციმბირში მდებარე ქალაქ ნორილსკის თბოელექტროსადგურიდან მდინარეებში დალდიკანი და ამბარნაია დიზელის საწვავის ჩაღვრის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეს არქტიკაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა. ოფიციალური ინფორმაციით, 180 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია 21 ათას ტონამდე საწვავით დაბინძურდა. აქედან დაახლოებით 6 ათასი ტონა გრუნტში აღმოჩნდა, 15 ათასი კი - წყალში.

მდინარეებზე სპეციალური წინაღობები ააგეს, რომლებმაც წყალში დიზელის შემდგომი გავრცელება უნდა შეაფერხოს. თუმცა, ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით, გაჟონვის ლოკალიზაციისთვის რამდენიმე კვირა იქნება საჭირო, ეკოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად კი მინიმუმ 10 წელი.

მდინარე ამბარნაია ტბა პიასინოში ჩაედინება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ყინულოვან ზღვას უერთდება.

ნავთობპროდუქტების გაჟონვა საწვავის ერთ-ერთი ავზის დაზიანებამ გამოიწვია. თავდაპირველად, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ვერსია, რომ რეზერვუარს ფუნდამენტი ჩამოეშალა, მანქანას კი გზაზე გადმოღვრილ დიზელთან შეხებისას ცეცხლი მოეკიდა.

თბოელექტროსადგურის ხელმძღვანელობა პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მომხდარის შესახებ მხოლოდ 2 დღის შემდეგ, სოციალური ქსელიდან შეიტყო. დროულად არ იყო ინფორმირებული ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

► ეკვადორის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მოულოდნელად გაქრა

დაკავებულია თბოელექტროსადგურის ერთ-ერთი საამქროს უფროსი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი დაუდევრობის, სამუშაოების წარმოებისას გარემოსდაცვითი წესების დარღვევის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების მუხლებით.

დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო გარემოს დაბინძურების მასშტაბებს აჩვენებს. 

თბოელექტროსადგური, რომლიდანაც საწვავის გაჟონვა მოხდა, ნიკელისა და პალადიუმის მოპოვების მსოფლიო ლიდერს, რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანია Nornikel-ს ეკუთვნის. ეს მის მიერ კონტროლირებადი საწარმოების მიერ გარემოს მასშტაბური დაბინძურების პირველი შემთხვევა არ არის.  2016 წელს მდინარე დალდიკანში ქიმიური ნივთიერებები მეტალურგიული ქარხნიდან ჩაიღვარა. აღსანიშნავია, რომ არქტიკული წრის მიღმა მდებარე ქალაქი ნორილსკი, რომელშიც 180 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთში ყველაზე ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობის მქონე დასახლებად არის მიჩნეული.

კომენტარები

ბოლო ამბები