Thumbnail

ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის უჯრედები უჩინარი გახადეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის უჯრედები უჩინარი გახადეს. კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერიის სპეციალისტების მიერ შემუშავებული მეთოდით, თირკმლის უჯრედმა ისეთი ცილის გამომუშავება შეძლო, რომელიც მას გამჭვირვალედ აქცევს. ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

აქტიური კამუფლაჟის სახელით ცნობილი უნარი ზოგიერთ ცხოველს ბუნებრივად ახასიათებს. მისი საშუალებით ისინი მოახლოებული საფრთხისგან თავდასაცავად შეფერილობას იცვლიან და გარემოს ერწყმიან. მათ შორისაა კალმარი, რომელსაც არა მხოლოდ ფერის შეცვლა, არამედ გამჭირვალედ ქცევაც შეუძლია.

 

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა კალმარის ერთ-ერთი სახეობა Doryteuthis opalescens შეარჩიეს, რომლის მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა უჯრედებში რეფლექტინი გამომუშავდება. ეს ნივთიერება სინათლეს ფანტავს და გამჭვირვალობის ეფექტს ქმნის. გენეტიკური მოდიფიცირების გზით, მკვლევრებმა ადამიანის თირკმლის ემბრიონულ უჯრედებს სწორედ ამ ცილის გენერირების უნარი შესძინეს.

"ჩვენ გაოცებული დავრჩით აღმოჩენით, რომ უჯრედები რეფლექტინს არა მხოლოდ გამოიმუშავებენ, არამედ სფეროიდულ ნანოსტრუქტურებში ალაგებენ და სხეულში ანაწილებენ. ცილოვანი სტრუქტურების ასეთი ქცევა თავფეხიანებისთვისაა დამახასიათებელი. ამ პროექტმა გვაჩვენა, რომ ადამიანის ისეთი უჯრედების შექმნა, რომლებსაც სტიმულებისადმი მგრძნობიარე ოპტიკური თვისებები ექნებათ, სავსებით შესაძლებელია. სინათლის ამრეკლავი ცილები თავის უნარებს უცხო უჯრედოვან გარემოშიც ინარჩუნებენ", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ალენ გოროდეცკიმ.

მეცნიერებმა თაგვის ემბრიონში ადამიანის უჯრედები გაამრავლეს

მეცნიერებმა უჯრედების მიერ სინათლის გაფანტვის კონტროლის მექანიზმსაც მიაკვლიეს. მათზე სხვადასხვა რაოდენობის ნატრიუმის ქლორიდით ზემოქმედებისას აღმოჩნდა, რომ მარილს რეფლექტინის შეერთებების ზომაში გაზრდა და ადგილმდებარეობის შეცვლა შეუძლია. რაც უფრო მეტია ეს ნივთიერება, მით უფრო მეტი არეკლილი სინათლე იფანტება. ექსპერიმენტების შემდეგ ეტაპზე მკვლევრები დაადგენენ, შესაძლებელია თუ არა ძუძუმწოვართა უჯრედებისთვის კალმარის ორგანიზმის სხვა თავისებურებების გადაცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები