Thumbnail

ჩინეთი ახალი კოსმოსური სადგურის მშენებლობას გეგმავს

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ჩინეთის კოსმოსური სააგენტო (CNSA) ახალი კოსმოსური სადგურის მშენებლობას 2021 წელს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, სადგური დედამიწის ორბიტაზე 10 წლის განმავლობაში დარჩება და იქ მუშაობას ერთდროულად 3 ასტრონავტი შეძლებს, რომელთა მისიების ხანგრძლივობა 6 თვემდე იქნება.

კოსმოსური ხომალდების ფრენის განრიგი უკვე შედგენილია. ორი წლის განმავლობაში სულ 11 გაშვება იგეგმება. ამ მისიებში მონაწილეობისთვის ასტრონავტებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივლისში შეარჩევენ. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ეკიპაჟის დასაკომპლექტებლად კანდიდატებს არა მხოლოდ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებში, არამედ სამეცნიერო-ტექნიკურ წრეებშიც მოიძიებენ.

ჩინურ კოსმოსურ სადგურს ორბიტაზე რაკეტა CZ-5B გაიყვანს.

66-ტონიან კოსმოსურ სადგურს 3 მოდული ექნება. მათგან ერთი ასტრონავტების საცხოვრებლადაა განკუთვნილი, დანარჩენ ორში კი სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო სივრცე მოეწყობა. ცდების წარმოებას იქ, ჩინეთთან ერთად, მსოფლიოს 20-ამდე სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებები შეძლებენ. სადგურთან ერთად, ჩინეთი ორბიტაზე ახალი კოსმოსური ტელესკოპის Xuntian გაშვებასაც გეგმავს. "ჰაბლის" მსგავად, მისი სარკის დიამეტრიც 2 მეტრია, თუმცა ის ცის 300-ჯერ უფრო ფართო ხედით გადაღების შესაძლებლობას იძლევა.

ჩინეთი უცხოპლანეტელების აღმოჩენას გიგანტური რადიოტელესკოპით შეეცდება

მოსამზადებელი სამუშაოების დროულად დასრულების შემთხვევაში, კოსმოსური სადგურის პირველ მოდულს რაკეტა CZ-5B დედამიწის ორბიტაზე 2022 წლის დასაწყისში გაიყვანს. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიმდინარე წლის მაისში მისი საცდელი გაშვება წარუმატებლად დასრულდა. აფრენიდან მცირე დროში რაკეტის ნამსხვრევები ატლანტის ოკეანესა და აფრიკაში ჩამოცვივდა.

კომენტარები

ბოლო ამბები