Thumbnail

ილონ მასკი: ახლა მთავარი პრიორიტეტი Starship-ია

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკულმა მედიამ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი Starship მიიჩნიონ.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ SpaceX-ის მთავარი პრიორიტეტი, Crew Dragon-ის დედამიწაზე წარმატებით დაბრუნებასთან ერთად, Starship იქნება", - ვკითხულობთ მიმართვაში.

SpaceX-მა ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში გაუშვა

Crew Dragon კომპანია SpaceX-ის მიერ წარმოებული კოსმოსური ხომალდი გახლავთ, რომლითაც ამერიკელი ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი მიმდინარე წლის 30 მაისს კოსმოსში გაფრინდნენ. 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკის მიწიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევაა. ამასთანავე, ისტორიაში პირველად, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანის გაყვანა კომერციულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო.

მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starship. ფოტო: SpaceX

რაც შეეხება Starship-ს, ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება.

SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება მოიპოვა

ილონ მასკმა თანამშრომლებს პროექტის სწრაფი პროგრესისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის ყურადღება Crew Dragon-ის დედამიწაზე წარმატებით დაბრუნებისკენაა მიმართული, თუმცა ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასხმის შემდეგ, სხვა პროექტებზე კონცენტრირებაც შეიძლება.

მოცემული დროისთვის Starship-ის პროტოტიპები ბოკა ჩიკაში მდებარე კომპანიის კუთვნილ კერძო კოსმოდრომზე იქმნება და იტესტება. მათ გამოცდას თან გარკვეული სირთულეები ახლავს. 29 მაისს კოსმოსური ხომალდის რიგით მეოთხე პროტოტიპი სახელწოდებით SN4 გაშვების დროს აფეთქდა, თუმცა SpaceX-ის სპეციალისტების განცხადებით, პრობლემა იდენტიფიცირებულია და საფრენი აპარატის მეხუთე პროტოტიპიც თითქმის მზადაა.

კომენტარები

ბოლო ამბები