Thumbnail

ნახეთ: გაფერადებულ ფოტოებზე ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენაა ასახული

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ბრიტანელი არქეოლოგის, ჰაუარდ კარტერის მიერ 1922 წელს ეგვიპტის ფარაონის, ტუტანხამონის სამარხის აღმოჩენა ფირზე ცნობილმა ფოტოგრაფმა, ჰარი ბარტონმა აღბეჭდა. ისტორიული მოვლენის ამსახველი შავ-თეთრი სურათები, რომლებიც წლების განმავლობაში გრიფითის სახელობის ეგვიპტოლოგიის ინსტიტუტში ინახებოდა, არც ისე დიდი ხნის წინ აღადგინეს და გააფერადეს, რამაც აკლდამის დეტალები გამოკვეთა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოსახულება მოგვცა.

წინა საუკუნეში დაფიქსირებული კადრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ბრიტანულმა კომპანიამ Dynamichrome იზრუნა. სპეციალისტებმა სურათების გასაფერადებლად ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენეს და დროის მიერ დაზიანებული ორიგინალური ნეგატივები განაახლეს. აღდგენილი ფოტონამუშევრების გამოფენა ნიუ იორკში მოეწყო და დამთვალიერებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

ტუტანხამონის აკლდამის დალუქული შესასვლელი, რომელთანაც გუშაგთა სკულპტურებია განთავსებული. 
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

ძროხისთავიანი ტახტი ყუთებთან ერთად, რომლებშიც ხორცი და სხვა სურსათი ინახება. 
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

სელისგან დამზადებული სუდარა ოქროს სამშვენისებით პირველ აკლდამაში. 
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

ჰაუარდ კარტერი მესამე, ოქროსგან დამზადებულ კუბოს ხსნის, რომელშიც ფარაონ ტუტანხამონის მუმიაა მოთავსებული. 
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

აკლდამის საგანძურში ეგვიპტური ნავების მოდელებიც ინახებოდა.
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

ლომის ფორმის საწოლი და სკივრები სელის ტანსაცმლით. ყველა ეს ნივთი, ეგვიპტელთა რწმენით, ფარაონს საიქიო ცხოვრებაში დასჭირდებოდა.  
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

სკივრები ლომის ფორმის საწოლის ქვეშ და სპილოს ძვლისგან დამზადებული საბავშვო სკამი.   
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

სკივრები და ცის ძროხისთავიანი ქალღმერთის, მეჰეთ-ვერეთის ბიუსტი აკლდამის საგანძურში.
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ფერადი ფოტოსურათები

ჰაუარდ კარტერი ფარაონ ტუტანხამონის მუმიასთან. 
ფოტო: Griffith Institute, University of Oxford/Colorized by Dynamichrome

ტუტანხამონის აკლდამის ძიება ჰაუარდ კარტერმა პირველი მსოფლიო ომის შედეგ დაიწყო და საბოლოოდ მას ეგვიპტის მეფეთა ხეობაში, რამზეს VI-ის განსასვენებელ ნაგებობასთან ახლოს მიაკვლია. სამარხის ოთხივე ოთახი და იქ არსებული ათასობით არტეფაქტი კარგად იყო შენახული. არქეოლოგის განსაკუთრებული ყურადღება ქვის სარკოფაგმა მიიქცია, სადაც ერთიმეორეში განთავსებულ სამ კუბოში სწორედ ახალგაზრდა ფარაონის მუმია იყო ჩასვენებული.

ეგვიპტის მე-18 დინასტიის წარმომადგენელი ტახტზე მამის, ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, ცხრა წლის ასაკში ავიდა. მისი მმართველობა ძველი წელთაღრიცხვით 1332-დან 1323 წლამდე გაგრძელდა. ტუტანხამონი საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა. დიდი ხნის განმავლობაში მისი სიკვდილის მიზეზი მეცნიერებს შორის დავის საგანი იყო, თუმცა მოგვიანებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ის, სავარაუდოდ, მალარიამ ან სხვა მსგავსმა დაავადებამ იმსხვერპლა.

კომენტარები

ბოლო ამბები