Thumbnail

ნახეთ: ავსტრალიაში დრონით 60 ათასზე მეტი კუ გადაიღეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ქვინსლენდის შტატის გარემოს დაცვისა და მეცნიერების დეპარტამენტის მკლევართა გუნდმა ავსტრალიაში მდებარე რეინის კუნძულზე თავმოყრილი 60 ათასზე მეტი მწვანე კუ დრონის მეშვეობით გადაიღო. ეს მათ მიერ ქვეწარმავლის პოპულაციის დასათვლელად ამ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების პირველი შემთხვევაა.

ნახეთ: პინგვინები ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ

წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, დიდ ბარიერულ რიფთან ახლოს განლაგებულ კუნძულზე მწვანე კუების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლონია მდებარეობს. ამ ადგილს ისინი კვერცხების დასადებად და შთამომავლობის გამოსაყვანად სტუმრობენ. მათ რაოდენობას მეცნიერები 1984 წლიდან აღრიცხავენ. ადრე ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო და ღამის საათებში პლაჟსა და ოკეანეში ნავებიდან დაკვირვებას, ასევე ცალკეული ინდივიდებისთვის ბაკანზე უსაფრთხო საღებავით სპეციალური აღნიშვნების დატანას ითვალისწინებდა. დრონის მეშვეობით კი მკლევრებმა თითქმის ორჯერ მეტი კუ დათვალეს და თანაც ბევრად მოკლე დროში.

 

32 ჰექტარზე გადაჭიმული მარჯნის რიფის ნაპირებზე მობინადრე კუს ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფად მიიჩნევა. მის გამრავლებას ხელს ისეთი ფაქტორები უშლის, როგორიცაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები, გარემოს დაბინძურება, სამრეწველო თევზჭერა და სხვა. მწვანე კუს გადასარჩენად რეინის კუნძულის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში უკვე არაერთი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის, იმ პლაჟების აღდგენა, რომლებზეც ქვეწარმავლები ბუდობენ და მათი დაღუპვისგან გადასარჩენად სპეციალური ჯებირების აგება.

კარანტინის გამო დაკეტილ აკვარიუმში თევზებს დეპრესია დაეწყოთ

მკვლევრები არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში რეინის კუნძულზე მწვანე კუს პოპულაციის დათვლის პროცესი ხელოვნურ ინტელექტს მიანდონ. ისინი იმედოვნებენ, რომ ინოვაციური მეთოდის საშუალებით შედარებით ზუსტ და სანდო მონაცემებს ნაკლები ხარჯითა და გაცილებით უსაფრთხო გზით მოიპოვებენ. ეს კი მათ სრული სურათის დანახვასა და საჭირო ქმედებები დაგეგმვაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები