Thumbnail

ნახეთ: ამ იტალიურ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ შეძლებთ

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

იტალიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კალაბრიის რეგიონის პატარა ქალაქი ჩინკვეფრონდი, სადაც ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის, "COVID-19-ისგან თავისუფალ დასახლებად" გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებით, ეს იმ უძრავი ქონების გაყიდვას შეუწყობს ხელს, რომლის ფასიც სულ რაღაც 1 ევროს შეადგენს.

საცხოვრებელი სახლების ასეთი დაბალი ფასი მოსახლეობისგან დაცლილი ქალაქის გადარჩენის კამპანიას უკავშირდება, რომელსაც მისი მერი "სილამაზის ოპერაციას" უწოდებს.

"ჩვენ ორ თბილ ზღვას შორის მდებარე მთებში გავიზარდეთ, ახლოს სუფთა მდინარე მოედინება, უახლოესი პლაჟები კი ავტომანქანით 15 წუთის სავალზეა. ამის მიუხედავად, ჩინკვეფრონდი დღეს დაცარიელებულია. ათწლეულების განმავლობაში დიდ ქალაქებში სამუშაოს საძიებლად უამრავი ადამიანი წავიდა. მათი სახლები დღეს ცარიელია და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ ამ ვითარებას არ უნდა შევეგუოთ. ახლა მთავარი მიზანი ძველი მაცხოვრებლების მიერ მიტოვებული ბინებისთვის ახალი მეპატრონეების მოძებნაა, რათა დასახლების აღდგენა შევძლოთ", - აცხადებს მიკელე კონია CNN-თან საუბარში.

კალაბრიის რეგიონში მდებარე ჩინკვეფრონდის გარშემო ასპრომონტეს ეროვნული პარკი აკრავს.

ჩინკვეფრონდის ისტორიულ ნაწილში მდებარე 1 ევროდ შეფასებული სახლების ფართობი 40-50 კვადრატული მეტრია, რაც მათი მოკლე დროში რესტავრირების საშუალებას იძლევა. ზოგიერთის აივნიდან გარემოს ლამაზი ხედი იშლება. ადრე ეს უძრავი ქონება ადგილობრივ ფერმერებს, მწყემსებსა და ხელოსნებს ეკუთვნოდა. ამ დროისთვის გასაყიდად ათამდე ასეთი ობიექტია გამოტანილი, თუმცა შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, დამატებით კიდევ 50 მიტოვებული სახლი იქნება ხელმისაწვდომი.

უძრავი ქონების მყიდველებს მისი რეკონსტრუქცია ევალებათ. ახალმა მეპატრონემ ეს 3 წლის განმავლობაში უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჯარიმის სახით 20 ათასი ევრო დაეკისრება. მოსახლეობისგან დაცლილი დასახლებების აღდგენის მსგავსი პრაქტიკა იტალიის არაერთ რეგიონში მოქმედებს, თუმცა, ჩინკვეფრონდისგან განსხვავებით, იქ მყიდველებს სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 1 ან 2 წელში მოეთხოვებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები