Thumbnail

მეცნიერებმა დედამიწისა და მზის მსგავსი ციური სხეულების წყვილი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის სახელობის მზის სისტემის კვლევით ინსტიტუტში, ზონებერგის ობსერვატორიაში, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტოში (NASA), გეტინგენისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემების გადამოწმებისას, დედამიწისა და მზის მსგავსი ციური სხეულების წყვილი აღმოაჩინეს. კვლევა, რომელშიც სიცოცხლისთვის პოტენციურად თავსებად პლანეტაზეა საუბარი, გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

► მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ობიექტი, სახელად KOI-456.04 ჩვენგან 3 ათასზე მეტი სინათლის წლითაა დაშორებული და დედამიწას ზომით 1.9-ჯერ აღემატება. ის თავისი ვარსკვლავისგან Kepler-160 იმ სინათლის 93 პროცენტს იღებს, რასაც ჩვენ მზისგან. პლანეტის ორბიტული მოძრაობა 378 დღითაა განსაზღვრული, რაც მის ისეთ ზონაში მდებარეობაზე მიანიშნებს, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა გამორიცხული არ არის. ციური სხეულის ატმოსფერო, შესაძლოა, არც ისეთი სქელი იყოს და მისი ზედაპირის გათბობას უზრუნველყოფდეს. თუ მეცნიერთა ეს ვარაუდი გამართლდა, საშუალო ტემპერატურა იქ 5°C იქნება, რაც დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 10 გრადუსით ჩამოუვარდება.

Kepler-160-ის პლანეტური სისტემა. ფოტო: Sci-News

Kepler-160-ის სისტემა და მასში შემავალი ორი ობიექტი აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა უკანასკნელმა დაკვირვებამ იქ კიდევ ორი ციური სხეულის არსებობა გამოავლინა. ვარსკვლავის ზომა 1.1 მზის რადიუსის ტოლია, ზედაპირის ტემპერატურა კი 5471 კელვინს უდრის, რაც ჩვენი მზის ტემპერატურაზე დაახლოებით 300 კელვინით ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლევრების მიერ აღრიცხული 4 ათასზე მეტი ეგზოპლანეტიდან უმეტესობა წითელი ჯუჯის გარშემო გადაადგილდება. მათგან განსხვავებით, ახალაღმოჩენილ ობიექტს Kepler-160-ისგან არა ინფრაწითელი გამოსხივება, არამედ ხილული სინათლე გადაეცემა და მძლავრი ამოფრქვევის შედეგად განადგურებაც არ ემუქრება.

მეცნიერთა ზემოხსენებულ გუნდს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზისას უკვე 18 მსგავსი აღმოჩენა აქვს გაკეთებული. პლანეტარული სიგნალი, რომელსაც მათი მიგნება ეფუძნება, საკმაოდ სუსტია, რის გამოც არსებობს მცირე შანსი, რომ საქმე სისტემურ უზუსტობასთან გვქონდეს. სწორედ ამიტომ, საკუთარი დასკვნების დასადასტურებლად, მკვლევრები იმედს ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპზე PLATO ამყარებენ, რომლის გაშვებაც 2026 წელს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები