Thumbnail

ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, 30-ზე მეტი განვითარებული ცივილიზაცია არსებობდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ნოტინგემის უნივერსიტეტში მომუშავე ასტროფიზიკოსებმა, კრისტოფერ კონსელისმა და ტომ ვესბიმ ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ არსებული განვითარებული ცივილიზაციების რაოდენობა გამოითვალეს და დაასკვნეს, რომ მოცემული დროისთვის მათი რიცხვი 36-ს აღწევს.

ჩინეთი უცხოპლანეტელების აღმოჩენას გიგანტური რადიოტელესკოპით შეეცდება

სამეცნიერო გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნებული კვლევა კოპერნიკის პრინციპს ეფუძნება, რომლის თანახმადაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა უნიკალური მოვლენა არ არის. სამყაროში ჩვენი პლანეტის მსგავსი პირობების მქონე არაერთი ციური სხეულია, ბუნების კანონები კი უნივერსალურია და ყველგან ერთნაირად მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე იქაც უნდა გაჩენილიყო.

ირმის ნახტომი - გალაქტიკა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს. ფოტო: Dirk Hoppe

კონსელისმა და ვესბიმ მზის მსგავსი ვარსკვლავის მიმდებარედ, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში განლაგებულ პლანეტებზე გონიერი არსებების წარმოშობის საშუალო პერიოდად, დედამიწის მსგავსად, დაახლოებით 5 მილიარდი წელი მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ისეთი ციური სხეულების რიცხვი, სადაც 4.5-5.5 მილიარდი წლის განმავლობაში კომუნიკაციის უნარის მქონე ცივილიზაცია შეიძლება ჩამოყალიბებულიყო, მხოლოდ ირმის ნახტომის გალაქტიკაში 475-დან 928-მდე მერყეობს. აქედან, სავარაუდოდ, 36 ცივილიზაცია ჩვენი თანამედროვეა.

კოსმოსიდან მომავალ რადიოსიგნალებში მეცნიერებმა კანონზომიერება აღმოაჩინეს

მეცნიერთა თქმით, უახლოესი პლანეტა, რომელზეც, შესაძლოა, მოცემული დროისთვის გონიერი არსებები ცხოვრობდნენ, ჩვენგან 17 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, რის გამოც თანამედროვე ტექნოლოგიებით მათთან კავშირის დამყარება შეუძლებელია. არამიწიერი ცივილიზაციებისგან მომავალი სიგნალები ჩვენს რადიოტელესკოპებს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ, დედამიწიდან გაგზავნილ სიგნალებს კი დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ათასობით წელი სჭირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები