Thumbnail

მეცნიერებმა COVID-19-ის ეფექტურ სამკურნალო პრეპარატს მიაგნეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე
  • დექსამეტაზონის ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება დაუშვებელია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. მისი კლინიკური ეფექტი უკვე დადასტურებულია. მედიკამენტით მკურნალობისას, ვენტილატორზე მიერთებული მძიმე პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის მესამედით შემცირდა. აქამდე ამ სინთეტურ გლუკოკორტიკოიდს ასთმის, სხვადასხვა ტიპის ალერგიისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს იყენებდნენ.

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების შერეული კლინიკური კვლევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მასში ორასამდე საავადმყოფო და ათი ათასზე მეტი პაციენტი იყო ჩართული. მასშტაბურ ცდებში მონაწილე მეცნიერებმა მის შედეგებს COVID-19-თან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გარღვევა უწოდეს და აღნიშნეს, რომ დექსამეტაზონი მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს სამკურნალო პროტოკოლში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს.

"დექსამეტაზონი ერთადერთი მედიკამენტია, რომლის გამოყენებისას კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. დადებითი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდათ. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში დექსამეტაზონით მკურნალობა სტანდარტად უნდა ჩამოყალიბდეს. ეს პრეპარატი იაფია, მარაგიც საკმარისია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია", - აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პიტერ ჰორბი.

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების შერეული კლინიკური კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, პიტერ ჰორბი. ფოტო: ITV

კვლევის ფარგლებში დექსამეტაზონის მცირე დოზებით კორონავირუსით ინფიცირებულ 2 ათას ადამიანს უმკურნალეს. აღმოჩნდა, რომ მედიკამენტმა ვენტილატორებზე მიერთებულ პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი 40-დან 28 პროცენტამდე, ხოლო ჟანგბადის თერაპიას დაქვემდებარებულ პაციენტებში 25-დან 20 პროცენტამდე შეამცირა.

მკვლევართა აზრით, COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატის ძიების 6-თვიან პროცესში ეს აღმოჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი გათვლებით, ექიმებს დექსამეტაზონის სამკურნალო ეფექტის შესახებ პანდემიის დაწყებისას რომ სცოდნოდათ, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 5 ათასამდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა.

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცს მკურნალობა $1 მილიონზე მეტი დაუჯდა

დექსამეტაზონი განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებს გამოადგებათ, ვინაიდან ამ მედიკამენტით მკურნალობა დღეში დაახლოებით 20 ლარი ჯდება, სრული კურსი კი მხოლოდ 10 დღე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სუსტად გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტებში პრეპარატს ეფექტი არ აქვს და ის მხოლოდ საავადმყოფოში, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ენიშნებათ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზეც მუშაობენ. ამ საქმიანობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულებაა დაკავებული. მათ შორისაა ორი ამერიკული კომპანია Moderna და Inovio, რომლებიც ცდებს უკვე აწარმოებენ და საკუთარი პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამტკიცებას ცდილობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები