Thumbnail

ნახეთ: ფლორიდაში გველებზე მონადირემ გიგანტური პითონი დაიჭირა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

აშშ-ის ფლორიდის შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჭაობიან მიწებზე 5 მეტრზე მეტი სიგრძისა და დაახლოებით 70 კილოგრამი წონის ბირმული პითონი დაიჭირეს. მარტინის ოლქის გარეული ცხოველების ბუნებიდან ამოღების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკ კიმელმა უზარმაზარ ქვეწარმავალთან ორთაბრძოლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"როდესაც დავინახე, გულმა სწრაფად ფეთქვა დამიწყო. დიდი ზომის პითონები აქამდეც დამიჭერია, თუმცა ეს განსაკუთრებით გრძელი ჩანდა", - აცხადებს კიმელი CNN-თან საუბარში.

ქვეწარმავალმა მონადირეს ხელზე უკბინა, თუმცა უხვი სისხლდენის მიუხედავად, კიმელმა გველის ნავში მოთავსება და მისი დაძინება მოახერხა. მისი თქმით, გიგანტური პითონის ტყავს საკუთარ ვებგვერდზე გადაყიდად განათავსებს.

► მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გველებს ერთმანეთთან დამეგობრების უნარი შესწევთ

ბირმული პითონი ფლორიდის ჭაობიანი მიწების ენდემური სახეობა არ არის. ის აქ პირველად 1980-იან წლებში შენიშნეს. ქვეწარმავლები ამ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მფლობელების მიერ მათი ველურ ბუნებაში გაშვების შემდეგ მოხვდნენ. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ ზოგიერთმა მათგანმა 1992  წელს შტატის თავს დამტყდარი ქარიშხალ ენდრიუს დროს განადგურებულ ადგილობრივ გველების გასამრავლებელ დაწესებულებას დააღწია თავი.

გასული საუკუნის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე მობინადრე ქვეწარმავალთა რაოდენობა თითქმის 100 ათასამდე გაიზარდა. მახრჩობელა გველი ენდემურ ფრინველებს, ენოტებს, წავებსა და ზოგჯერ ალიგატორებსაც კი ხოცავს, რაც ჭაობიანი მიწების ეკოსისტემას დიდ ზარალს აყენებს. სწორედ ამიტომ, პითონის დაჭერის შემთხვევაში, მოქალაქეები ფლორიდის შტატისგან ფულად პრემიას იღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები