Thumbnail

ნახეთ: რობოტი ძაღლის შეძენას 74,500 აშშ დოლარად შეძლებთ

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკული კომპანიის Boston Dynamics მიერ წარმოებული რობოტი ძაღლის შეძენა უკვე ყველა მსურველს შეუძლია. Spot გაყიდვაში ჩაეშვა და მისი ფასი 74,500 აშშ დოლარს შეადგენს. იმის მიუხედავად, რომ რობოტი უკვე წლებია არსებობს, აქამდე ის მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ცალკეული ბიზნესებისა და რამდენიმე კერძო პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.

Spot-ის ღირებულება საკმაოდ მაღალია. ამ ფასად Tesla-ს ელექტრომობილის, Model S-ის შეძენაა შესაძლებელი, თუმცა Boston Dynamics-ის წარმომადგენელთა თქმით, დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფისა და გამართული მექანიკის წყალობით, რობოტ ძაღლს რთული და სახიფათო დავალებების შესრულება შეუძლია, რის გამოც მისი ყიდვა ნამდვილად ღირს.

"ჩვენი კლიენტები ძირითადად სამრეწეველო და კომერციული კომპანიები არიან, რომელთა საქმიანობა ადამიანებისთვის სარისკო დავალებებსაც მოიცავს. ზოგიერთი სამუშაო კი იმდენად რუტინული და დამღლელია, რომ შეიძლება თანამშრომელი სიგიჟემდე მიიყვანოს. მაგალითად, კამერით ხელში შენობაში სიარული და ერთი და იმავე ადგილისთვის დღეში ორმოცჯერ ფოტოების გადაღება", - ამბობს კომპანიის მთავარი ინჟინერი, ზაკ ჯაკოვსკი.

რობოტი ძაღლი Spot სინგაპურის პარკში კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი სოციალური დისტანცირების წესების დაცვას აკონტროლებს. ფოტო: Business Insider

კომპანიამ Boston Dynamics ოთხფეხა რობოტი საზოგადოებას 2016 წლის ივნისში წარუდგინა, 2019 წლის სექტემბრიდან კი მისი წინასწარი გაყიდვები დაიწყო. Spot-ის ერთ-ერთი პირველი მფლობელი ცნობილი ტელეწამყვანი, ადამ სევეჯი გახლდათ, რომელიც მოწყობილობას რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდიდა და სხვადასხვაგვარ ექსპერიმენტსაც ატარებდა. თუმცა, რობოტი ძაღლით მხოლოდ ის არ დაინტერესებულა. ნავთობის მომპოვებელი კომპანია Aker BP მას ნორვეგიაში მდებარე ჭაბურღილზე, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის პოლიცია კი გამნაღმველთა დასახმარებლად იყენებს.

ნახეთ: ადამ სევეჯმა რობოტი ძაღლი ორთვლიან ეტლში შეაბა

ახალზელანდიურმა კომპანიამ Rocos, რომელიც Spot-ის სისტემურ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, რობოტი ძაღლი ცხვრების სამწყემსადაც გამოიყენა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სეირნობს ის ბაღში, გადაადგილდება ბორცვებსა და გორაკებზე, გადადის ხის ხიდზე და ნამდვილი ნაგაზივით უვლის ცხვრებს. ყველაფერ ამას მოწყობილობა ინფრაწითელი კამერების, თანამედროვე კარტოგრაფიული ტექნოლოგიებისა და სენსორების მეშვეობით აკეთებს.

ნახეთ: რობოტი ძაღლი ცხვრის ფარას მწყემსავს

რობოტ ძაღლს დამატებით ისეთი დავალებების შესრულება შეუძლია, როგორიცაა მოსავლის აღება, ნათესების დათვალიერება და რეალური დროის რეჟიმში რუკების შედგენა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მალე ერთდროულად რამდენიმე ასეთი მოწყობილობის დისტანციურად მართვა გახდება შესაძლებელი. ამასთანავე, სისტემა რობოტებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, რაც დიდი ფერმებისა და რანჩოების მართვაზე პასუხისმგებელი ადამიანების დროს დაზოგავს.

კომენტარები

ბოლო ამბები