Thumbnail

ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, დედამიწის მსგავსი 6 მილიარდი პლანეტა არსებობდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა, მიშელ კუნიმოტომ და ჯეიმი მეთიუსმა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ივარაუდეს, რომ ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი პლანეტების რიცხვი, შესაძლოა, 6 მილიარდს აღწევდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, 30-ზე მეტი განვითარებული ცივილიზაცია არსებობდეს

ირმის ნახტომის გალაქტიკაში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია, რომელთა 7 პროცენტი ჩვენი მზის მსგავსია და G სპექტრული ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავების, იგივე ყვითელი ჯუჯების კლასს მიეკუთვნება. მათ გარშემო სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრავი, დედამიწის მსგავსი პარამეტრების მქონე ციური სხეულების შემჩნევა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა მოდელირების ტექნიკის გამოყენება გადაწყვიტეს და პლანეტური სისტემების სიმულაცია შექმნეს, რომელიც კეპლერის მისიის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს შეადარეს და აღმოჩენილი დამთხვევების წყალობით, რეალური სურათი მიიღეს.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი. ფოტო: NASA

ახალმა მეთოდმა მეცნიერებს საშუალება მისცა, ზემოხსენებული ობიექტების სავარაუდო რაოდენობა დაედგინათ, რომელმაც ჯამში 6 მილიარდს მიაღწია. თითოეულის მასა ჩვენი პლანეტისას 0.75-1.5-ჯერ აღემატება, მზისგან დაშორება კი დაახლოებით 0.99-1.7 ასტრონომიული ერთეულს შეადგენს. მკვლევართა განცხადებით, გამოთვლებმა აჩვენა, რომ G ტიპის ყოველ ვარსკვლავზე 0.18 ასეთი ციური სხეული მოდის, მაგრამ მცირე ზომის გამო მათი დაფიქსირება ვერ ხერხდება.

► მეცნიერებმა დედამიწისა და მზის მსგავსი ციური სხეულების წყვილი აღმოაჩინეს

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ სხვადასხვა სისტემაში შემავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ობიექტების შესწავლა მათი ფორმაციისა და ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის და სამომავლო კოსმოსური მისიების სწორად წარმართვაშიც დაგვეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ მიშელ კუნიმოტოსთვის ეს პირველი წარმატებული კვლევა არაა. მან მიმდინარე წელს 17 ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელთაგანაც ერთ-ერთზე, შესაძლოა, წყალი და შესაბამისად, სიცოცხლე არსებობდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები