Thumbnail

Crew Dragon-ს დედამიწის ორბიტაზე საგანგებო სიტუაციაში გამოცდიან

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

საინფორმაციო პლატფორმა Teslarati-ს მიერ გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიერთებული SpaceX-ის კაფსულის Crew Dragon შესაძლებლობებს საგანგებო სიტუაციაში გამოცდის.

NASA-ს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდი, დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ სადგურთან მიერთების შემდეგ, კვირაში ერთხელ გეგმიურ შემოწმებას გადის, რის შემდეგაც ძილის რეჟიმს უბრუნდება. მისი მდგომარეობის მუდმივი კონტროლი ეკიპაჟისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გაუთვალისწინებელი ავარიული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, კაფსულამ ერთგვარი სამაშველო ნავის ფუნქცია უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში სიმულაციური ტესტირება განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩამოშორდება.

ნახეთ: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ახალი საპირფარეშო ექნება

ცნობილია, რომ კოსმოსური ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება. სავარაუდოდ, გამოცდაში მონაწილეობას რობერტ ბენკენი, დაგლას ჰერლი და კრის კესიდი მიიღებენ, რომლებსაც სადგურის ეკიპაჟის ორი რუსი წევრიდან ერთ-ერთი შეუერთდება. SpaceX-ის ისტორიული მისია მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, როდესაც რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი Crew Dragon-ით დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდებიან. ეს NASA-ს მომდევნო გაშვების დაგეგმვაში დაეხმარება, რომელიც 30 აგვისტოსაა ჩანიშნული. ამ დღეს ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ასტრონავტები მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და სოიჩი ნოგუჩი გაფრინდებიან.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ფოტო: CNET

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული SpaceX ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომლებიც NASA-მ დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე და უკან ასტრონავტების გადასაყვანად დაიქირავა. 2.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი კოსმოსური ხომალდით Crew Dragon და რაკეტით Falcon 9 ექვსი ასეთი მისიის განხორციელებას ითვალისწინებს. მეორე კომპანია Boeing მსგავს ფრენებს კაფსულით Starliner შეასრულებს. საავიაციო, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი მომსახურების სანაცვლოდ 4.2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

► ჩინეთი ახალი კოსმოსური სადგურის მშენებლობას გეგმავს

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. დღემდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა. SpaceX-ის საფრენი აპარატით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები