Thumbnail

Apple-მა საკუთარი მოწყობილობებისთვის ახალი ოპერაციული სისტემები წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია Apple-მა 22 ივნისს გამართულ დეველოპერთა ყოველწლიურ მსოფლიო კონფერენციაზე მომხმარებლებს ახალი ოპერაციული სისტემები წარუდგინა. მათ შორისაა iOS 14, iPadOS 14, watch OS 7 და MacOS Big Sur, რომელთა ბეტა ვერსია ელექტრონული მოწყობილობების მფლობელთათვის მიმდინარე წლის ივლისში გახდება ხელმისაწვდომი, შემოდგომაზე კი განახლებებით ფართო საზოგადოებაც ისარგებლებს.

iPhone-ისთვის შექმნილი iOS 14 სხვადასხვა მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას აერთიანებს. მთავარ ეკრანზე კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებული აპლიკაციების ჩამონათვალი App Library იქნება განთავსებული. მათი სხვაგან გადატანა და წაშლა პრობლემას არ წარმოადგენს ისევე, როგორც იქვე დამატებული ვიჯეტების ზომის რეგულირება და მარტივად მისაგნებ ადგილზე განლაგება. გაუმჯობესებულია ვირტუალური ასისტენტი Siri, რომლის სიმბოლოც სმარტფონის ქვედა ნაწილში გამოჩნდება და აუდიო შეტყობინებების გაგზავნის საშუალებასაც მოგვცემს.

მთლიან ეკრანს აღარ დაიკავებს ასევე FaceTime, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოზარის განხორციელების პარალელურად სხვა ფუქციებით სარგებლობასაც შევძლებთ. ახალი დეტალები შეემატება Apple-ის სერვისებს iMessage და Maps, ხოლო კიდევ ერთი პროდუქტი Translate App ინტერნეტის მხარდაჭერის გარეშე სასურველ სიტყვას 11 ენაზე გადაგვითარგმნის. აღსანიშნავია მანქანის ციფრული გასაღები CarKey, რომელიც პირველ ჯერზე 2021 წლის BMW 5 სერიის ავტომობილების უკონტაქტო გაღებასა და დაქოქვას უზრუნველყოფს.

ასე გამოიყურება ახალი ოპერაციული სისტემა iOS 14. ფოტო: Apple

პლანშეტური კომპიუტერების სერია iPad ინოვაციურ მახასიათებლებს შეიძენს, მათ შორის მომხმარებელზე მორგებულ აპლიკაციებს, ლეპტოპის მონიტორის საწყისი გვერდის მსგავს პანელს, მენიუსა და საძიებო სისტემას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია პლატფორმა Scribble-ის მეშვეობით სპეციალური ფანქრით დაწერილი ტექსტის ბეჭდურ ვერსიად გადაკეთებაა. რაც შეეხება Apple-ის საათს, მისი ინფოგრაფიკული მონაცემები ბევრად მრავალფეროვანი გახდება, ციფერბლატის ფონური გამოსახულებებით გამდიდრდება და ვარჯიშის, ძილისა თუ ხელის დაბანის გაკონტროლებაშიც დაგვეხმარება.

MacOS Big Sur კომპიუტერების მფლობელებს iPadOS-ის მსგავს დიზაინსა და განახლებებს შესთავაზებს, ხოლო ვებ ბრაუზერი Safari უფრო სწრაფად ჩატვირთავს ისეთ გვერდებს, რომლებსაც შედარებით ხშირად ვსტუმრობთ. ამის გარდა, 2020 წლის ბოლოდან კომპანია საკუთარი პროცესორის გამოშვებასაც გეგმავს, რომლითაც Intel-ის ნაწარმს ჩაანაცვლებს. ამან კი, შესაძლოა, სამომავლოდ პროდუქტის ფასის შემცირებაც განაპირობოს.

კომენტარები

ბოლო ამბები