Thumbnail

ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ციმბირის პატარა ქალაქ ვერხოიანსკში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცივ ადგილად არის ცნობილი, არქტიკული წრისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 38°C დაფიქსირდა, რაც საშუალო მაჩვენებელს 16-18 გრადუსით აღემატება. 

ამ რეგიონში თვიდან თვემდე ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა შეინიშნება. მდინარე იანასთან მდებარე დასახლებაში, რომელშიც სულ 1300 ადამიანი ცხოვრობს, ივნისის საშუალო ტემპერატურა 20°C გახლავთ, 1892 წლის ზამთარში კი თერმომეტრმა -68°C დააფიქსირა. თუმცა, 2019 წლის შემდეგ იქ საშუალო ტემპერატურის მკვეთრი ზრდა შეინიშნება, რაც მკვლევართათვის უარყოფითი ტენდენციის მაჩვენებელია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი ცვლილებების მიზეზი რუსეთის ფედერაციაში შემავალი იაკუტიის რესპუბლიკის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრებიც შეიძლება იყოს.

იაკუტიის რესპუბლიკაში ხანძრების შედეგად ასეულობით ათას ჰექტარზე გადაჭიმული ტყის მასივი დაიწვა. ფოტო: National Geographic

ტემპერატურის მატება მხოლოდ ქალაქ ვერხოიანსკში არ დაფიქსირებულა. კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ცნობით, მთლიანად ციმბირში მიმდინარე წელს ისტორიაში ყველაზე ცხელი მაისი იყო. ცალკეულ ადგილებში ტემპერატურა 30°C-ს აღწევდა, პოლარული წრის მიღმა მდებარე კიდევ ერთ დასახლებაში, კრასნოიარსკის მხარის ქალაქ ხატანგაში კი ახალი რეკორდი 25,4°C დარეგისტრირდა.

2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედმა, შესაძლოა, გაუსაძლის სიცხეში იცხოვროს

არქტიკაში წლის საშუალო ტემპერატურა მე-19 საუკუნის შუა პერიოდთან შედარებით 2 გრადუსით გაიზარდა, რაც პლანეტის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ყინული იქ უფრო სწრაფად დნება, რის გამოც თოვლის საფარი სეზონურ მოვლენად გადაიქცა. ოკეანე და ხმელეთის ზედაპირი მზის სხივებს ვერ ირეკლავს და სითბოს შთანთქავს, რაც ტემპერატურას მატებას იწვევს. სპეციალისტების მოსაზრებით, ეს ფენომენი მხოლოდ არქტიკას არ დააზარალებს, წყლის დონე ყველა ოკეანეში აიწევს და კლიმატური პრობლემების წინაშე მთელი მსოფლიო დადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები