Thumbnail

NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადებიან

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან, ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადებიან. კრისტოფერ კესიდი და რობერტ ბენკენი სადგურს 26 ივნისს, თბილისის დროით 15:35 საათზე დატოვებენ. ორივე მათგანისთვის ეს ამ ტიპის რიგით მეშვიდე მისია იქნება.

► SpaceX-მა ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში გაუშვა

ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე 1998 წლიდან მყოფი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ენერგოსისტემის განახლება ევალებათ. ისინი ძველ, ნიკელ-წყალბადის მრავალჯერადი დატენვის აკუმულატორებს ახალი, ლითიუმ-იონის ელემენტებით ჩაანაცვლებენ. სადგურის არსებობის ისტორიაში ეს მისი ეკიპაჟის ღია კოსმოსში გასვლის 228-ე შემთხვევა იქნება.

ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ღია კოსმოსში ბოლოს მიმდინარე წლის 25 იანვარს გავიდნენ. ამ მისიაში მონაწილეობა ენდრიუ მორგანმა და ლუკა პარმიტანიომ მიიღეს. ფოტო: NASA

აღსანიშნავია, რომ პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, რუსი კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი გახლდათ. 1965 წლის 18 მარტს მან ხომალდის "ვოსხოდ-2" გარეთ 12 წუთი და 9 წამი დაჰყო. კაფსულაში დაბრუნებისას, წნევის გამო, ლეონოვის სკაფანდრს პრობლემები შეექმნა, თუმცა მან დავალების წარმატებით დასრულება შეძლო, დედამიწაზე წარმატებით დაეშვა და მოგვიანებით კიდევ ერთ კოსმოსურ ფრენაში მიიღო მონაწილეობა.

► Crew Dragon-ს დედამიწის ორბიტაზე საგანგებო სიტუაციაში გამოცდიან

რაც შეეხება კრისტოფერ კესიდისა და რობერტ ბენკენის პარასკევისთვის დაგეგმილ მისიას, მისთვის თვალის მიდევნებას მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ. რეპორტაჟს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან NASA ასტრონავტების კოსმოსში გასვლამდე, თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები