Thumbnail

ახალი კვლევის მიხედვით, გინებას ტკივილის შემსუბუქება შეუძლია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე კილის უნივერსიტეტში მომუშავე ფსიქოლოგებმა, რიჩარდ სტივენსმა და ოლი რობერტსონმა, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატის, Nurofen-ის მწარმოებელი ავსტრალიური ფარმაცევტული კომპანიის მხარდაჭერით, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ გინებას ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Psychology გამოქვეყნდა.

კვლევაში სულ 92-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ხელები ყინულიანი წყლით სავსე ჭურჭელში უნდა მოეთავსებინათ და უსიამოვნო შეგრძნების გაჩენისთანავე წინასწარ შერჩეული ოთხი სიტყვიდან ერთ-ერთი 3-წამიანი ინტერვალით გაემეორებინათ. ამ სიტყვებიდან ერთი უცენზურო იყო, ორი - უცენზურო გამონათქვამების ბოლო დროს დამკვიდრებული შედარებით მსუბუქი ვერსია, უკანასკნელი კი ნეიტრალური, რაიმე საგნის აღმნიშვნელი ბგერათშეთანხმება.

აღმოჩნდა, რომ ტრადიციული სალანძღავი სიტყვის გამოყენებამ ბევრად ეფექტური შედეგი გამოიღო. ამ დროს ცდისპირთა ტკივილის აღქმის ქვედა ზღვარი 32 პროცენტით, გამძლეობის ზედა ნიშნული კი 33 პროცენტით გაიზარდა. ამის გარდა, ექსპერიმენტის მონაწილეებმა, რომლებიც იგინებოდნენ, ყინულიან წყალში ხელები 18 წამით უფრო მეტი ხნის განმავლობაში გააჩერეს, ვიდრე ამას ჩვეულებრივ მდგომარეობაში შეძლებდნენ. მკვლევართა აზრით, სალანძღავი სიტყვების ამგვარი გავლენა, შესაძლოა, ემოციური აღგზნებით იყოს გამოწვეული, რაც ორგანიზმს სტრესის დროს ძალას მატებს და ბრძოლისუნარიანს ხდის.

 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა მსგავსი ენობრივი ერთეული ტკივილს თანაბრად ვერ ჩაახშობს, ვინაიდან მათი ეფექტურობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ტაბუირებულად ჩაგვებეჭდა ისინი გონებაში ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან. ნაშრომის ავტორები ზემოხსენებული ფენომენის უკეთ შესასწავლად კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს შესაბამის ახსნას მოუძებნიან.

კომენტარები

ბოლო ამბები