Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდ Starship-ის საწვავის ავზი ააფეთქა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია SpaceX-ის მიერ კოსმოსური ხომალდ Starship-ის რიგით მეშვიდე პროტოტიპისთვის დამზადებული ავზი ტესტირების დროს აფეთქდა. ბოკა ჩიკაში მდებარე კერძო კოსმოდრომზე განხორციელებული ექსპერიმენტის შედეგი მოსალოდნელი იყო და არავინ გაუკვირვებია. მისი მიზანი უჟანგავი ლითონის ახალი ტიპის შენადნობის 304L გამძლეობის შემოწმება იყო. ამ ცდებით სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რომელი მასალა იქნება უფრო შესაფერისი საფრენი აპარატის საბოლოო კონსტრუქციისთვის. 

იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად შეაკავებდა ავზი გაციებულ საწვავს მაღალი წნევის პირობებში, ის თხევადი აზოტით აავსეს. ტესტირებისას ნივთიერებამ გაჟონვა დაიწყო, რეზერვუარი გასკდა, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ჰაერში აიწია და შემდეგ მიწას დაენარცხა, მიმდებარე ტერიტორია კი აირის თეთრი ღრუბლებით დაიფარა. აფეთქების შემდეგ, ადგილის დასათვალიერებლად Boston Dynamics-ის მიერ წარმოებული რობოტი-ძაღლი გაგზავნეს. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავზს მხოლოდ ძირი დაუზიანდა, კედლები კი უვნებლად გადარჩა. 

 

SpaceX-ს სამხრეთ ტეხასში განლაგებულ კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა აქვს ჩატარებული. კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს Starship-ის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე თვის დასაწყისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

► Crew Dragon-ს დედამიწის ორბიტაზე საგანგებო სიტუაციაში გამოცდიან

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწაზე ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. სამომავლოდ კომპანია მთვარეზე და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები