Thumbnail

მსოფლიოში უხუცესი ოქროსფერი რეტრივერი 20 წლის გახდა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

აშშ-ის ტენესის შტატში მობინადრე ოქროსფერი რეტრივერი სახელად ოგასთი, რომელმაც ახლახან 20 წლის იუბილე აღნიშნა, საკუთარი სახეობის უხუცესი წარმომადგენელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ძაღლთა თავშესაფარმა გაავრცელა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მას თბილი და მოსიყვარულე ოჯახის პოვნაში დაეხმარა.

"ოგასთის ასაკმა თითქმის ორჯერ გადააჭარბა ოქროსფერი რეტრივერების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, რომელიც 12-14 წელს შეადგენს. არსებობს არაერთი ცნობა ამ სახეობის წარმომადგენელი 17 ან 18 წლის ძაღლების შესახებ, ცნობილია ასევე რამდენიმე ინდივიდი, რომელმაც 19 წლის ასაკს მიაღწია, თუმცა ოგი პირველი ოქროსფერი რეტრივერია, რომელმაც მეორე ათწლეულში გადააბიჯა. ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლე დიდწილად კარგი გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა ძაღლის პატრონებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ მისი მოვლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად", - განაცხადეს თავშესაფრის წარმომადგენლებმა.

ოგასთმა დაბადების დღე თავის და-ძმებთან - შერმანთან, ბელისთან და ბრიუსთან ერთად აღნიშნა. ფოტო: GoldHeart Golden Retrievers Rescue

მსოფლიოში უხუცესმა ოქროსფერმა რეტრივერმა მეოცე დაბადების დღე თავის პატრონებთან და და-ძმებთან ერთად აღნიშნა. მის პატივსაცემად სადღესასწაულო ღვეზელი გამოაცხვეს და დიდი მისალოცი ბანერი გამოფინეს. ოგასთი, რომელსაც ლამაზი ყელსახვევი ეკეთა, წვეულებაზე ძალზე მოდურად გამოიყურებოდა. 

► ახალი კვლევა მოწმობს, რომ გარდატეხის ასაკი ძაღლებსაც აქვთ

2000 წელს დაბადებული ოგასთი ქალაქ ოკლენდში მდებარე ჯენიფერ და სტივერ ჰეტერშაიდების სახლში 14 წლის ასაკში მოხვდა. მანამდე მან ორი ოჯახი გამოიცვალა. პატრონების თქმით, ოქროსფერ რეტრივერი, ასაკის მიუხედავად, გასაოცრად ჯანმრთელია. მას ზოგჯერ ფეხზე ადგომა უჭირს, თუმცა კლავინდებურად მოძრავია და ბაღშიც ყოველდღიურად სეირნობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები