Thumbnail

ტანზანიელი მაღაროელი ერთ დღეში მილიონერი გახდა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ტანზანიელი სანინიუ ლაიზერი ერთ დღეში 3,4 მილიონი აშშ დოლარის მფლობელი გახდა. მან უიშვიათესი ძვირფასი ქვები, ტანზანიტები იპოვა, რომელებიც ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის სამინისტრომ შეისყიდა. 

ლაიზერმა, რომელსაც 4 ცოლი და 30 შვილი ჰყავს, ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მის მიერ აღმოჩენილი ორი ძვირფასი ქვის წონა 9,2 და 5,8 კილოგრამს შეადგენს, ამ დრომდე ჩვენს პლანეტაზე მოპოვებული ყველაზე დიდი ტანზანიტი კი მხოლოდ 3,3 კილოგრამს იწონიდა. უეცარი გამდიდრების მიუხედავად, 52 წლის მამაკაცი ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებს. მისი თქმით, ის თავისი 2 ათასი ძროხის მოვლას გააგრძელებს, მიღებული ფულის დაბანდებას კი მშობლიურ სიმანჯიროს დასახლებაში გეგმავს. 

"სურვილი მაქვს, ჩემს სახლთან ახლოს სავაჭრო ცენტრი და სკოლა ავაშენო. აქ უამრავი ღარიბი ადამიანია, რომლებიც ბავშვების სასწავლებლად გაშვებას ვერ ახერხებენ. მე განათლებული არ ვარ, მაგრამ პროფესიონალიზმი მიყვარს და მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ბიზნესი სწორედ ასე მართონ", - განაცხადა სანინიუ ლაიზერმა BBC-სთან საუბარში.

ტანზანიტი პირველად 1967 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერთა ვარაუდით, ის დაახლოებით 585 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. ფოტო: Recarat 

ტანზანიტი, რომელიც საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება, მხოლოდ ტანზანიის პროვინცია მანიარაში, კილიმანჯაროს მთის ფერდობთან მდებარე მერელანის პლატოზე გვხვდება. გეოლოგების თქმით, ის ერთ-ერთი უიშვიათესი ძვირფასი ქვაა, რომლის მარაგიც, შესაძლოა, სულ რაღაც 20 წელიწადში ამოიწუროს.

1967 წელს აღმოაჩენილი ტანზანიტის პოპულარობას ამერიკულმა საიუველირო ფირმამ Tiffany შეუწყო ხელი, რომელმაც მოიფიქრა კიდეც ძვირფასი ქვის სახელწოდება იმ ქვეყნის პატივსაცემად, რომელშიც ის მოიპოვება. ოსტატურად დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის დროს კი მისგან დამზადებული სამკაულებით კინოვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი იწონებდა თავს.

შვეიცარიაში ეძებენ მგზავრს, რომელსაც მატარებელში ოქროს ზოდები დარჩა

აღსანიშნავია, რომ მერელანის პლატოს ტერიტორიას 24-კილომეტრიანი კედელი აკრავს, ამ გზით აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოს ხელისუფლება ტანზანიტის არალეგალური მოპოვებისთვის ხელის შეშლას ცდილობს. თუმცა ქვეყნის მოქალაქეებს სპეციალური ლიცენზიის აღება შეუძლიათ, რომელიც მათ იქ საძიებო სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევს. სანინიუ ლაიზერი სწორედ ასეთი ლიცენზიის მფლობელი გახლავთ. საკუთარი წარმატების აღსანიშნად ის უახლოეს მომავალში დიდი წვეულების მოწყობასა და ძროხის დაკვლას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები