Thumbnail

პაკისტანის ავიაციის მინისტრი: ქვეყანაში ყოველ მესამე პილოტს ყალბი ლიცენზია აქვს

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

პაკისტანის ავიაციის მინისტრის, გულამ სარვარ ხანის თქმით, ქვეყანაში მფრინავების დაახლოებით 30 პროცენტს ყალბი ლიცენზია აქვს და გამოცდა არასდროს ჩაუბარებია. ამის შესახებ მან ეროვნული ასამბლეის წინაშე გამოსვლის დროს, გასულ თვეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგების წარდგენისას ისაუბრა.

"ქვეყანას 860 მოქმედი პილოტი ჰყავს და 262 მათგანს ყალბი ლიცენზია აღმოაჩნდა. ქრთამის სანაცვლოდ, მათ მაგივრად გამოცდა სხვებმა ჩააბარეს. ეს ადამიანები, ფრენის საკმარისი გამოცდილების გარეშე, როგორც ადგილობრივ ავიაკომპანიებს, მაგალითად, პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებს (PIA), ასევე საერთაშორისო გადამზიდავებს ემსახურებიან", - განაცხადა მინისტრმა.

ქალაქ კარაჩიში მიმდინარე წლის 22 მაისს ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნაწილი. ფოტო: Asif Hassan

22 მაისს პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ქვეყნის ორ დასახლებულ პუნქტს შორის შიდა რეისს ასრულებდა, ქალაქ კარაჩის აეროპორტთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. მის ბორტზე 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ 2 გადარჩა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ასევე საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილზე მყოფმა 8 ადამიანმა. მათგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ნახეთ: რუსული საჰაერო მოტოციკლი 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა

გამოძიების დასკვნით, კატასტროფის მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა. მფრინავები კორონავირუსის შესახებ საუბრობდნენ და ავიადისპეჩერების მითითებებს ყურადღებას არ აქცევდნენ. პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენელები არ აზუსტებენ ინფორმაციას იმის შესახებ, ყალბი იყო თუ არა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტების ლიცენზიები, თუმცა ცნობილია, რომ კომპანია 150 მფრინავის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები