Thumbnail

სკვითი მეომრის უძველესი მუმია 13 წლის გოგონა აღმოჩნდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების მიერ ციმბირში აღმოჩენილი სკვითი მეომრის ნეშტისთვის ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ის 13 წლის გოგონას ეკუთვნოდა. გამოცემაში Stratum Plus გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ მისი ისტორია მითიურ მებრძოლ ქალებს - ამორძალებს უკავშირდებოდეს, რომელთა შესახებ ცნობებს ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ნაწერებში ვხვდებით.

ნახეთ: გაფერადებულ ფოტოებზე ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენაა ასახული

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსებმა, მარინა კილუნოვსკაიამ და ვლადიმერ სემიონოვმა სკვითი მეომრის სამარხი 1988 წელს, ტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. იქვე ნაპოვნი საბრძოლო იარაღების გამო, დღემდე ფიქრობდნენ, რომ ნახევრად მუმიფიცირებული ნეშტი მამაკაცის უნდა ყოფილიყო, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით განხორციელებულმა პალეოგენეტიკურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ საფლავში მოზარდი გოგონა იყო დამარხული.

ნამარხში აღმოჩენილი სკვითი მეომარი გოგონა
ფოტო: Vladimir Semyonov

მეომრის ნეშტთან ერთად აღმოჩენილი ნაჯახი
ფოტო:  A.Yu. Makeeva/Stratum

სკვითი მეომრის მშვილდი
ფოტო:  A.Yu. Makeeva/Stratum

მეომრის ნეშტთან ერთად დამარხული ისრები
ფოტო:  A.Yu. Makeeva/Stratum

ხის კუბოში ნეშტთან ერთად ნაჯახი, არყის ხისგან დამზადებული ერთმეტრიანი მშვილდი და 70 სანტიმეტრი სიგრძის 10 ისარი იყო მოთავსებული და არა მძივი ან სარკე, რომლებსაც ადრეულ ხანაში მდედრობითი სქესის მიცვალებულებს აყოლებდნენ. გარდაცვლილს მიწის კურდღლის მსგავსი ცხოველის ტყავისგან შეკერილი ბეწვის მოსასხამის შიგნით პერანგი, ღია ყავისფერი შარვალი და მოკლე ქვედაბოლო ეცვა, თავზე კი წითელი ორნამენტით გაფორმებული ქუდი ეხურა. მკვლევრებმა ნარჩენების ასაკი 2600 წლით განსაზღვრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკვითი გოგონა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით VII-VI საუკუნეებში ცხოვრობდა.

მეცნიერები სამარხში აღმოჩენილი ნივთების შემდგომ შესწავლას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ გოგონას სიკვდილის მიზეზის დადგენასაც შეძლებენ. მათი თქმით, ეს აღმოჩენა სკვითების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება და ამ მომთაბარე ტომების ცხოვრების წესის ჩვენთვის უცნობ დეტალებს ფარდას ახდის.

კომენტარები

ბოლო ამბები