Thumbnail

კოსმოსური ხომალდი Crew Dragon დედამიწაზე, სავარაუდოდ, 2 აგვისტოს დაბრუნდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი SpaceX-ის კაფსულით Crew Dragon დედამიწაზე, სავარაუდოდ, 2 აგვისტოს დაბრუნდებიან.

ისტორიული მისიის Demo-2 ფარგლებში კოსმოსურმა ხომალდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცდა უკვე წარმატებით გაიარა, თუმცა წინ კიდევ არაერთი ტესტირება ელის. მათ შორის ერთ-ერთი 4 ივლისსაა დაგეგმილი. ეკიპაჟის წევრები მოდულში გადაინაცვლებენ და იქ სხვადასხვა ყოველდღიური აქტივობის განხორციელებას შეეცდებიან. ამასთანავე, უახლოეს მომავალში, ავარიული სიტუაციის სიმულაციური ტესტის ფარგლებში, Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩამოშორდება. მისიის უკანასკნელი ეტაპი კი ორბიტიდან გასვლას, დედამიწის ატმოსფეროში შეღწევასა და ოკეანის ზედაპირზე უსაფრთხო დაშვებას ითვალისწინებს. ეს NASA-ს მომდევნო, 30 აგვისტოს ჩანიშნული გაშვების დაგეგმვაში დაეხმარება, რომელშიც მონაწილეობას ასტრონავტები მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ.

► Crew Dragon-ს დედამიწის ორბიტაზე საგანგებო სიტუაციაში გამოცდიან

კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა 30 მაისს შედგა, 31 მაისს კი Crew Dragon დედამიწის ორბიტაზე მყოფ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. NASA-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საფრენი აპარატის სისტემურ და თერმულ მდგომარეობას რეგულარულად აკვირდებიან. იმის გარდა, რომ ხომალდი დღემდე გამართულად მუშაობს, ის იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ელოდნენ. სპეციალისტების აზრით, ეს მოწყობილობაზე დამონტაჟებული მზის პანელების დამსახურებაა, რომელთა წყალობით Crew Dragon-ს კოსმოსში დარჩენა 119 დღემდე ვადით შეუძლია.

ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი კოსმოსური ხომალდით Crew Dragon დედამიწაზე, სავარაუდოდ, 2 აგვისტოს დაბრუნდნებიან. ფოტო: SpaceX

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული SpaceX ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომლებიც NASA-მ დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე და უკან ასტრონავტების გადასაყვანად დაიქირავა. 2.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი კოსმოსური ხომალდით Crew Dragon და რაკეტით Falcon 9 ექვსი ასეთი მისიის განხორციელებას ითვალისწინებს. მეორე კომპანია Boeing მსგავს ფრენებს კაფსულით Starliner შეასრულებს. საავიაციო, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი მომსახურების სანაცვლოდ 4.2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

► ნახეთ: NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. დღემდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა. SpaceX-ის საფრენი აპარატით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები