Thumbnail

იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის ახალი მტკიცებულება მოიპოვეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მეცნიერებმა იუპიტერის მთვარის, ევროპის ფენობრივი სტრუქტურის შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს და მისი ზედაპირის ქვეშ ოკეანის წარმოქმნის სავარაუდო პროცესიც აღწერეს, რაც, შესაძლოა, ამ ბუნებრივ თანამგზავრზე სიცოცხლისი გაჩენის წინაპირობა გამხდარიყო.

ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, დედამიწის მსგავსი 6 მილიარდი პლანეტა არსებობდეს

NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც მოჰიტ მელვანი დასვანი ხელმძღვანელობს, იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის გარემოპირობების გეოქიმიური მოდელი შექმნა. მათ ამისთვის კოსმოსური ზონდის, "გალილეოს" მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ევროპის სტრუქტურაში ქიმიური შენაერთების სხვადასხვა ფენის წარმოქმნა პლანეტური დიფერენციაციის ფენომენმა განაპირობა.

იუპიტერის თანამგზავრის, ევროპის ეს გამოსახულება "გალილეოს" მიერ გამოგზავნილი სურათებითაა აწყობილი. კოსმოსურმა ზონდმა, რომელიც 1989 წლის ოქტომბერში გუშვეს, პლანეტის ორბიტაზე 8 წელი დაჰყო. ფოტო: NASA

ეს ფენომენი ციური სხეულების აგებულებაში შემავალი განსხვავებული ნაწილაკების ერთმანეთისგან დაშორებასა და ერთგვაროვანი ქიმიური ელემენტების თავმოყრას გულისხმობს, რის შედეგადაც ობიექტის სტრუქტურაში სხვადასხვა ფენა ყალიბდება. ამის კარგი მაგალითია დედამიწის აგებულება, რომელიც ბირთვის, მანტიისა და ქერქისგან შედგება. ყველაზე მკვრივი ქიმიური ელემენტები ცენტრისკენ მიიწევენ, დაბალი სიმკვრივის მქონე ნივთიერებები კი ზედაპირზე რჩება. ევროპას შემთხვევაში, ამის მიზეზი ძლიერი გრავიტაცია და რადიაციული გადახურება გახდა, რომლის წყალობითაც წყლის შემცველი მინერალები დაიშალა და ერთნაირი ელემენტები ფენებად დაჯგუფდა.

სავარაუდოდ, ევროპას ლითონის ბირთვი აქვს, რომელიც კლდოვანი მანტიით, ოკეანითა და ყინულოვანი ზედაპირითაა გარშემორტყმული. ფოტო: Universe Today

მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ევროპაზე ოკეანე არსებობდა, რომელიც რამდენიმე კილომეტრის სისქის ყინულის ქვეშ არის მოქცეული, თუმცა მისი სავარაუდო წარმოქმნის შესახებ მოპოვებული ახალი მონაცემები ამ თეორიას უფრო სარწმუნოს ხდის. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ თავიდან, კალციუმის, ნახშირორჟანგისა და სულფატის მაღალი შემცველობის გამო, ოკეანე გოგირდოვანი წარმონაქმნი იყო, თუმცა გეოქიმიურმა სიმულაციამ და ჰაბლის ტელესკოპის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ ევროპის ოკეანეში დროთა განმავლობაში ქლორიდის შემცველობა გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის ოკეანე დედამიწის ოკეანეებს დაემსგავსა, რის გამოც ამ გარემოში სიცოცხლის არსებობა მოულოდნელი არ იქნება. 

► მეცნიერებმა დედამიწისა და მზის მსგავსი ციური სხეულების წყვილი აღმოაჩინეს

2024 წლისთვის NASA ევროპის შესასწავლად კოსმოსური ზონდის Europa Clipper გაგზავნას აპირებს. ამ მისიის ფარგლებში იუპიტერის მთვარის საფუძვლიანი შესწავლა უნდა მოხდეს, მსგავსი აღმოჩენები კი ექსპედიციის სწორად დაგეგმვისთვის აუცილებელი კომპონენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები