Thumbnail

ისტორიაში პირველად, ჰოლივუდურ ფილმში მთავარ როლს რობოტი შეასრულებს

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ანდროიდი რობოტი, სახელად ერიკა ჰოლივუდურ სამეცნიერო-ფანტასტიკურ სურათში b ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იქნება. კინემატოგრაფის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმს ხელოვნური ინტელექტის მქონე მსახიობი ეყოლება. ამის შესახებ პროდიუსერმა, სემ ხოზემ გამოცემასთან Hollywood Reporter ისაუბრა.

"ამა თუ იმ როლის თამაშისას არტისტები საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იყენებენ, რაც ერიკას არ აქვს. ამიტომაც, ინდივიდუალურ სესიებზე მისი მოძრაობებისა და ემოციების მოდელირება მოგვიხდა. პერსონაჟის განვითარებისთვის ჩვენ რობოტს საუბრისას გრძნობების გამოხატვა და სხეულის ენა ვასწავლეთ", - განაცხადა ხოზემ.

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს მეცნიერზე, რომელიც ადამიანის დნმ-ის სრულყოფას ცდილობს, თუმცა გაუთვალისწინებელი გარემოება მის მიერ შექმნილ რობოტ ერიკას საიდუმლო ლაბორატორიიდან გაქცევაში დაეხმარება.

ანდროიდი რობოტი ერიკა თავის შემქმნელთან, პროფესორ ჰიროში იშიგუროსთან ერთად. ფოტო: GQ

70 მილიონი აშშ დოლარი ბიუჯეტის მქონე სამეცნიერო-ფანტასტიკური კინოსურათის გადასაღებად ბელგიაში დაფუძნებული კომპანია Happy Moon Productions, ამერიკული Ten Ten Global Media და Bondit Capital Media გაერთიანდნენ. სემ ხოზეს თქმით, b-ის წარმოება ამ დროისთვის საწყის ეტაპზეა. ფილმის რეჟისორი და ერიკასთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ჯერჯერობით შერჩეული არ არიან, თუმცა ანდროიდის მონაწილეობით რამდენიმე სცენა იაპონიაში 2019 წელს უკვე გადაიღეს. სურათის დარჩენილი ნაწილის გადაღება 2021 წლის ივნისში ევროპაში იგეგმება.

► იაპონიაში შექმნეს რობოტი, რომელსაც ტკივილის გამოხატვა შეუძლია

რობოტი ერიკა კიოტოსა და ოსაკას უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში იაპონელმა მეცნიერებმა, ჰიროში იშიგურომ და კოჰეი ოგავამ შექმნეს. სწორედ მათ ჩანერგეს ხელოვნურ ინტელექტში სამსახიობო ტექნიკაც. 23 წლის ქალის გარეგნობის მქონე ანდროიდს სილიკონის კანი და განვითარებული მიმიკა აქვს. მას ადამიანების ემოციებზე რეაგირებაც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ფილმში გადაღებამდე ერიკა ერთ-ერთ იაპონულ ტელეარხზე ახალი ამბების წამყვანადაც მუშაობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები