Thumbnail

709-კილომეტრიანმა ელვამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში მომუშავე ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ ახალ რეკორდსმენად დაასახელა ელვა, რომლის სიგრძემაც 700 კილომეტრს გადააჭარბა. უპრეცედენტო მასშტაბის ატმოსფერული ფენომენისადმი მიძღვნილი ნაშრომი სამეცნიერო გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

► ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

709 კილომეტრზე გადაჭიმული ელვა ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანისა და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო სამმართველოს მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებულ სატელიტზე GOES-16 დამონტაჟებულმა დეტექტორმა The Geostationary Lightning Mapper ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 ოქტომბერს შენიშნა. ის ბევრად აღემატება 2007 წლის 20 ივნისს აშშ-ის ოკლაჰომის შტატში დაფიქსირებულ ელვას, რომლის სიგრძემაც 321 კილომეტრი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოქმნილი ელექტრული მუხტები ღრუბლებს არ გასცდენია და, შესაბამისად, მომხდარი მეხის ჩამოვარდნით არ დასრულებულა.

ბრაზილიაში დაფიქსირებული 709-კილომეტრიანი ელვის ამსახველი სატელიტური სურათი. ფოტო: WMO

ამის გარდა, კომისიამ ყველაზე ხანგრძლივი ნათების შესახებაც განაცხადა, რომელმაც 2019 წლის 4 მარტს ჩრდილოეთ არგენტინის თავზე 16.73 წამს გასტანა და 2012 წლის აგვისტოში საფრანგეთის ცაზე გამოჩენილ ელვაზე 8.96 წამით დიდხანს გაგრძელდა. ნაშრომის ავტორთა თქმით, მსგავს მოვლენებზე დაკვირვება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მოწყობილობა, რომლითაც თანამგზავრი GOES-16 არის აღჭურვილი, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში ამინდის ცვლილებას 36 ათასი კილომეტრის სიმაღლიდან აკვირდება და მოსალოდნელ ციკლონებზე ინფორმაციას დროულად გვაწვდის, რასაც ხმელეთზე განლაგებული, ამავე დანიშნულების მქონე აპარატურა ვერ შეძლებდა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, ამგვარი კვლევები ატმოსფერული მოვლენების უკეთ აღქმასა და მეცნიერულ შესწავლაში გვეხმარება. ეს საშუალებას გვაძლევს, ადამიანებისთვის პოტენციურად სახიფათო ბუნებრივ მოვლენებზე მეტი შევიტყოთ, რამაც, შესაძლოა, მომავალში მათგან თავის დაცვის გზების ძიებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

კომენტარები

ბოლო ამბები