Thumbnail

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას. მეცნიერმა პროდუქტზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო. სუნამო, რომლის შექმნასაც 4 წელი დასჭირდა, აქამდე მხოლოდ ასტრონავტების სპეციფიკური სავარჯიშოებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა ის თანდათან სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

► ნახეთ: როგორ მოჩანს მზის ჩასვლა სხვადასხვა პლანეტიდან

ასტრონავტების მიერ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიღმა დავალებების შესრულებისას, მათი სამოსი და აღჭურვილობა ქიმიური ელემენტებით იჟღინთება, უკან დაბრუნების შემდეგ სკაფანდრის მოხსნისას კი, მძაფრი სურნელი იგრძნობა.

"კოსმოსის სუნი გასროლილი იარაღის, კვამლისა და დამწვრის მომწარო სუნს ჰგავს," - აცხადებს ვეტერანი ასტრონავტი და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ხელმძღვანელი ქალი, პეგი უიტსონი.

პეგი უიტსონი ღია კოსმოსში  10-ჯერ გავიდა, რაც ქალებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მან კოსმოსში საერთო ჯამში 665 დღე დაჰყო. ორბიტაზე ამდენი დრო არცერთ ამერიკელ ასტრონავტს არ გაუტარებია. ფოტო: The Verge

სხვა ასტრონავტები კოსმოსის სუნს დენთის, მიმწვარი სტეიკის, ჟოლოსა და რომის ერთიან სურნელის ადარებენ. მათ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობითა და ქიმიური ექსპერიმენტების საფუძველზე, სტივ პირსის კომპანიამ Omega Ingredients შექმნა სუნამო, რათა ღია კოსმოსში გასული ასტრონავტებისთვის ეს უცნაური სუნი მოულოდნელი არ ყოფილიყო.

► ნახეთ: NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

მცირე ხნის წინ ბრენდმა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დაწყებით სკოლებში პროდუქტის პოპულარობის გაზრდა და მასზე მოთხოვნის გაჩენაა. ამისათვის სპეციალური ფონდიც კი შეიქმნა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, სუნამო სხვადასხვა ორგანიზაციისთვის შეიძინონ. ფონდი ნელ-ნელა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე სასწავლო დაწესებულებების ქიმიურ ლაბორატორიებში, შესაძლოა, კოსმოსის სუნის მქონე სუნამოც ვიხილოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები