Thumbnail

NASA მთვარის მისიისთვის საპირფარეშოს შექმნაში 35 ათას აშშ დოლარს გადაიხდის

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

შშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) კოსმოსური საპირფარეშოს შემქმნელებს 35 ათას აშშ დოლარს გადაუხდის. მას 2024 წელს დაგეგმილი "არტემისის" მისიის ფარგლებში გამოიყენებენ, რომლის დროსაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დაბრუნდებიან. კონკურსში NASA's Lunar Loo Challenge მონაწილეობისთვის ტექნიკური მოთხოვნები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდსა და ინოვაციური პროექტებისთვის დაფინანსების მოსაძიებლად განკუთვნილ პლატფორმაზე HeroX გამოქვეყნდა.

"საპირფარეშოს გამოყენება როგორც უწონადობაში, ასევე ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ზედაპირზე, დედამიწაზე 6-ჯერ ნაკლები გრავიტაციის პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი. კოსმოსურ ხომალდზე თითოეული გრამი დიდი სიფრთხილითაა გადანაწილებული, ამიტომაც მოწყობილობის წონა თანამედროვე საპირფარეშოზე ორჯერ ნაკლებს, 31 კილოგრამს, ხოლო მოცულობა 0.12 კუბურ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. მას ფუნქციონირებისთვის 70 ვატზე ნაკლები ელექტროენერგია უნდა სჭირდებოდეს და სააბაზანოს სტანდარტულ ვენტილატორზე ნაკლებ ხმას გამოსცემდეს", - ვკითხულობთ კონკურსის პირობებში.

"აპოლოს" მისიის დროს მთვარეზე გაშვებულ ამერიკელ ასტრონავტებს საპირფარეშო არ ჰქონდათ და ასეთი მოწყობილობით სარგებლობდნენ. ფოტო: NASA

NASA-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საპირფარეშო 2 ასტრონავტს 14 დღის განმავლობაში უნდა მოემსახუროს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ისტორიაში პირველად, მთვარეზე ქალი გაფრინდება, ამიტომ კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი პროექტი ორივე სქესს უნდა ერგებოდეს. ამასთან, დანადგარი ნარჩენებს უნდა აგროვებდეს, რომლებსაც ხომალდის საცავში მოათავსებენ ან მის გარეთ გაიტანენ. პრემიალური ქულები ისეთ სისტემებს მიენიჭება, რომელთა გამოყენებისას ეკიპაჟის წევრს პირღებინების დროს საპირფარეშოში თავის ჩაყოფა არ დასჭირდება.

► ნახეთ: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ახალი საპირფარეშო ექნება

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ფულადი პრიზი 3 საუკეთესო პროექტის ავტორზე გადანაწილდება. ისინი შესაბამისად 20, 10 და 5 ათას აშშ დოლარს მიიღებენ. მსურველებს განაცხადის შევსება 17 აგვისტომდე შეეძლებათ, გამარჯვებულები კი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვლინდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები