Thumbnail

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიქმნება ალმასების წვიმა ნეპტუნსა და ურანზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მზის სისტემის პლანეტების, ნეპტუნისა და ურანის ქვედა შრეებში წარმოქმნილი ალმასების წვიმის შესახებ სპეციალისტები ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ საუბრობდნენ. იმის გამო, რომ ამ ყინულის გიგანტების შემადგენელი მატერია დედამიწისგან განსხვავებულ ფიზიკურ კანონებს ემორჩილება, მსგავსი მოვლენების ჩვენს პლანეტაზე სიმულირება მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, მეცნიერთა გუნდმა, გერმანიაში მდებარე ჰელმჰოლცის სახელობის დრეზდენ-როსენდორფის კვლევით ცენტრში მომუშავე ექსპერტების ხელმძღვანელობით, ახალი მეთოდის წყალობით ზემოხსენებული ფენომენის მოდელირება შეძლო. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

► იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის ახალი მტკიცებულება მოიპოვეს

იმის გასარკვევად, თუ როგორ ფორმირდება ალმასი პლანეტების ზედაპირიდან 10 ათასი კილომეტრის სიღრმეზე, მკვლევრებმა სტენფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის კუთვნილი რენტგენული ლაზერი Linac Coherent Light Source (LCLS) გამოიყენეს. მოწყობილობის მეშვეობით მათ დარტყმითი ტალღები სპეციალური პლასტიკური მასალისკენ მიმართეს, რომელიც ზემოქმედების შედეგად 5 ათასი კელვინი ტემპერატურამდე გაცხელდა. შემდეგ მეცნიერები ნიმუშში ელემენტარული ნაწილაკების, ფოტონების მოძრაობას დააკვირდნენ. სინათლის განფენილობის შესწავლამ მათ ექსპერიმენტის მეშვეობით სახეცვლილი მატერიის სტრუქტურის განსაზღვრის საშუალება მისცა.

ილუსტრაცია ექსპერიმენტის დროს ხელოვნურად შექმნილ ექსტრემალურ პირობებში ნაერთის დაშლის პროცესს ასახავს. ფოტო: Greg Stewart/SLAC National Accelerator Laboratory

აღმოჩნდა, რომ ნეპტუნისა და ურანისთვის დამახასიათებელ გარემოში, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი წნევის დროს, ნახშირწყალბადის ნაერთი იშლება, გამოთავისუფლებული ნახშირბადი კი კრისტალიზებულ ალმასად გადაიქცევა, რაც ენერგიის დამატებით წყაროს ქმნის. იმის გამო, რომ ეს მინერალი თავის გარშემო არსებულ სხვა ნივთიერებებზე ბევრად მძიმეა, პლანეტების ბირთვში იძირება და ერთგვარი წვიმის სახით გვევლინება, ხოლო მოძრაობისას ხახუნის შედეგად აღძრული მიზიდულობის ძალა სითბოს წარმოშობს.

► ნახეთ: როგორ მოჩანს მზის ჩასვლა სხვადასხვა პლანეტიდან

მკვლევრების განცხადებით, ეს ინოვაციური მეთოდი მომავალში ამა თუ იმ ციურ სხეულზე მიმდინარე პროცესების ლაბორატორიულ პირობებში გაცოცხლებაში დაგვეხმარება. მსგავსი მეთოდით არა მხოლოდ პლანეტური სისტემების ევოლუციის შესახებ ჩვენს ცოდნას გავაღრმავებთ, არამედ დავადგენთ, რამდენად სავარაუდოა, რომ იქ ოდესღაც სიცოცხლე გაჩენილიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები