Thumbnail

სამხრეთ პოლუსი დედამიწის დანარჩენ ნაწილთან შედარებით 3-ჯერ სწრაფად თბება

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე მეცნიერთა გუნდმა დაადგინა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამხრეთ პოლუსი დედამიწის დანარჩენ ნაწილთან შედარებით 3-ჯერ უფრო სწრაფად თბებოდა. მათი ვარაუდით, რეგიონში ტემპერატურის ზრდამ, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს ანტარქტიკის ყინულის საფარზე, რეგიონში მობინადრე წყლის ცხოველებსა და მსოფლიო ოკეანის დონეზე. კვლევა გამოცემაში Nature Climate Change გამოქვეყნდა.

► ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ანტარქტიკაში დათბობის შესახებ ინფორმაციას მეცნიერები უკვე ბევრი წელია ფლობენ, თუმცა ისინი მიიჩნევდნენ, რომ ტემპერატურის მატებას რეგიონის სიღრმეში მდებარე სამხრეთ პოლუსზე გავლენა არ ექნებოდა.

"კვლევის შედეგები ხაზს უსვამს იმას, რომ გლობალური დათბობა მთელ დედამიწას მოიცავს და ასეთ შორეულ ადგილებზეც კი აქვს გავლენა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანტარქტიკაში ტემპერატურის ცვლილებები 10 ათასი კილომეტრით დაშორებულ წყნარ ოკეანის ტროპიკულ ნაწილს უკავშირდება", - აცხადებს ველინგტონის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კაილ კლემი.

მიმდინარე წლის თებერვალში ანტარქტიკის რეგიონში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 18.3°C დაფიქსირდა. ფოტო: NASA 

ანტარქტიკის შიდა რეგიონში დათბობის მაჩვენებლის განსასაზღვრად მეცნიერებმა სამხრეთ პოლუსზე მდებარე მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები და სხვადასხვა კლიმატური მოდელი გააანალიზეს. მათ აღმოაჩინეს, რომ 1989-2018 წლებში პოლუსზე 1.8°C-ით დათბა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ ათწლეულში ტემპერატურის ზრდა 0.6°C-ს შეადგენდა, რაც დედამიწის დანარჩენ ნაწილთან შედარებით 3-ჯერ მაღალი მაჩვენებელია. მკვლევართა ვარაუდით, დათბობის მთავარი მიზეზი წყნარი ოკეანის ეკვატორთან ახლოს მდებარე ნაწილში წყლის ზედაპირის ტემპერატურის ზრდაა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამ ტერიტორიიდან სამხრეთ პოლუსისკენ თბილი ჰაერის მასების მზარდი რაოდენობა ვრცელდებოდა.

► 2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედმა, შესაძლოა, გაუსაძლის სიცხეში იცხოვრო

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 18.3°C დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილსა და მზიანი კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთნაირი ტემპერატურა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები