Thumbnail

COVID-19-ის ვაქცინამ ცდის პირველ ეტაპზე დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Inovio Pharmaceuticals მიერ შექმნილმა COVID-19-ის ვაქცინამ INO-4800 ადამიანებზე ჩატარებული ცდის პირველ ეტაპზე დადებითი შედეგი აჩვენა. მკლევრებმა, რომლებმაც აშშ-ის ხელისუფლების პროექტის Operation Warp Speed ფარგლებში ახლახან დაფინანსება მოიპოვეს, პრეპარატის გამოცდის მომდევნო ფაზის დროს მისი ეფექტურობის დამტკიცებას შეეცდებიან.

► მეცნიერებმა COVID-19-ის ეფექტურ სამკურნალო პრეპარატს მიაგნეს

ცდაში მონაწილეობა 18-დან 50 წლამდე ასაკის 40-მა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო, რომელთა ორგანიზმში ვაქცინის სხვადასხვა დოზა - 1.0 და 2.0 მილიგრამი 4 კვირის შუალედით ორჯერ შეიყვანეს. შედეგად, 34 ცდისპირში სასურველი იმუნური რეაქცია გამოვლინდა. უმნიშვნელო გვერდითი ეფექტი ინიექციის არეში მცირე სიწითლის სახით კი მხოლოდ 10 ადამიანს აღენიშნა. ამის გარდა, კომპანიამ პრეპარატი თაგვებზეც გამოცადა. მკვლევართა განცხადებით, ცხოველთა ფილტვებში ვირუსის გავრცელება შეფერხდა, რაც დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას იძლევა.

პენსილვანიის სამედიცინო უნივერსიტეტში პირველი მოხალისეების ასაცრელად ემზადებიან. ფოტო: Monica Herndon

Inovio Pharmaceuticals-ის მიერ შექმნილი ვაქცინა მცირე ზომის გენეტიკური მოლეკულების, პლაზმიდებისგან შედგება, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ანტისხეულების გამომუშავებას უწყობენ ხელს. კომპანიას წინა წლებში ზიკას ვირუსის, ებოლასა და კორონავირუსით გამოწვეული შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის საწინააღმდეგო ვაქცინები აქვს შექმნილი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, სასურველი იმუნური რეაქცია ცდაში მონაწილეთა 95 პროცენტს გამოუვლინდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ იმავე ტექნიკით შექმნილი ახალი პრეპარატიც ეფექტური იქნება და COVID-19-ისგან თავდაცვაში დაგვეხმარება.

► COVID-19-ის ვაქცინამ ცდის პირველ ეტაპზე დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

დასახელებული ორგანიზაციის გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულება მუშაობს. მათ შორისაა ამერიკული კომპანია Moderna და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტი, რომელთა პრეპარატებიც ასევე გამოცდის ეტაპზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები