Thumbnail

შორეულ გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავი უკვალოდ გაუჩინარდა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

მკვლევართა ჯგუფმა დუბლინის თრინითი კოლეჯის ასტროფიზიკოსის, ენდრიუ ალენის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ დედამიწიდან 75 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ ჯუჯა გალაქტიკაში PHL 293B მდებარე გიგანტური ვარსკვლავი, რომელსაც 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, უკვალოდ გაქრა.

► ასტრონომებმა ერთი ვარსკვლავის მიერ მეორის შთანთქმა დააფიქსირეს

მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფი მომაკვდავ ვარსკვლავს 2001-2011 წლებში იკვლევდა. როგორც წესი, თანამედროვე ტექნოლოგია ასეთ დიდ მანძილზე კოსმოსური ობიექტების გამორჩევის საშუალებას არ იძლევა, თუმცა ცისფერი ცვალებადის ტიპის ციური სხეულის სიკაშკაშე ჩვენი მზისას 2,5-3,5-მილიონჯერ აღემატებოდა, რამაც ასტრონომებს მასზე დაკვირვება გაუადვილა. ვარსკვლავის გაუჩინარება მკვლევრებმა 2019 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ESO) კუთვნილი ტელესკოპით Very Large Telescope აღმოაჩინეს.

ჩილეში მდებარე ატაკამას უდაბნოში განლაგებული ტელესკოპი Very Large Telescope. ფოტო: ESO

"ჩვენ გაოცებული ვიყავით იმის აღმოჩენით, რომ ვარსკვლავი, რომელსაც ამდენი წელი აკვირდებოდნენ, უკვალოდ გაუჩინარდა. ასეთი მასიური ციური სხეულის გაქრობა ზეახალ ვარსკვლავად ანთების გარეშე ძალიან უჩვეულოა", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ასტროფიზიკოსი ენდრიუ ალენი.

მეცნიერები ვარსკვლავის გაქრობის ორ სავარაუდო მიზეზს განიხილავენ. პირველის მიხედვით, ამოფრქვევების შედეგად მის გარშემო დაგროვილმა მტვრის ღრუბელმა ზეახალი ვარსკვლავის ანთება დაფარა. მეორე ვარაუდით კი ციური სხეული შავ ხვრელად აფეთქების გარეშე გადაიქცა. ბოლო ჰიპოთეზა ასტრონომებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მისი დადასტურების შემთხვევაში, ეს ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები