Thumbnail

აშშ-ის ხელისუფლებამ პრეპარატ "რემდესევირის" თითქმის მთლიანი მარაგი შეისყიდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენებადი პრეპარატის, "რემდესევირის" მწარმოებელ კომპანიასთან Gilead Sciences ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ მედიკამენტის სამი თვის საერთო მარაგი თითქმის მთლიანად შეისყიდა. ამის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, შესაძლოა, ამ წამლის გარეშე დარჩნენ.

მკურნალობის თითოეული კურსი, რომელშიც მედიკამენტის დაახლოებით 6 ფლაკონი შედის, 3200 დოლარადაა შეფასებული. აშშ ფარმაცევტული კომპანიისგან 500 ათასზე მეტი ასეთი კურსისთვის განსაზღვრული რაოდენობის პრეპარატს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისის თვისთვის დამზადებული ყველა დოზა ისევე, როგორც აგვისტოსა და სექტემბრის მარაგის 90 პროცენტი მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

► COVID-19-ის ვაქცინამ ცდის პირველ ეტაპზე დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

Gilead Sciences-მა პრეპარატის წარმოების ლიცენზია მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოზე - ეგვიპტეზე, ინდოეთსა და პაკისტანზე გასცა, რომელთაც პროდუქციით დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფოების მომარაგება შეეძლებათ. მათ რიგში საქართველოცმოიაზრება. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს კი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებასთან გამკლავება, სავარაუდოდ, "რემდესევირის" გარეშე მოუწევთ.

COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენებადი პრეპარატი "რემდესევირი".

"რემდესევირი" ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც თავდაპირველად C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნა, მოგვიანებით კი ებოლას წინააღმდეგაც გამოცადეს. ამჟამად წამალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება და კვლევების თანახმად, ორგანიზმში ვირუსის გავრცელების პროცესის შეფერხებით გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პერიოდს მნიშვნელოვნად ამცირებს.

► WHO: მივესალმებით COVID-19-ის დექსამეტაზონით მკურნალობის კვლევის შედეგებს

აღსანიშნავია ისიც, რომ COVID-19-თან საბრძოლველად ეფექტურობა კიდევ ერთმა პრეპარატმა, "დექსამეტაზონმა" აჩვენა, რომლის მეშვეობითაც სუნთქვის აპარატზე მიერთებული მძიმე პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის მესამედით შემცირდა. რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, მის დასამზადებლად არაერთი დაწესებულება მუშაობს. მათ შორისაა ამერიკული კომპანიები Inovio და Moderna, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტი.

კომენტარები

ბოლო ამბები