Thumbnail

იაპონიაში ქუჩაში სიარულისას სმარტფონის გამოყენება აიკრძალა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიაში მდებარე კანაგავის პრეფექტურის ქალაქ იამატოს ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც 1 ივლისიდან მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისას მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ Japan Times გაავრცელა. 

► მშობლებისთვის უცნობია, რამდენ დროს ატარებენ მათი შვილები სმარტფონთან

ეს უჩვეულო ნაბიჯი იმ ინციდენტების თავიდან ასაცილებლად გადაიდგა, რომლებიც, შესაძლოა, სიარულის დროს სმარტფონით სარგებლობას მოჰყვეს. აკრძალვის შესახებ ქალაქის სტუმრებს რკინიგზის სადგურზე გამოკრული ბანერები ატყობინებს, რომელიც მგზავრებს მოუწოდებს, ქუჩებში, მოედნებსა და პარკებში სეირნობისას მობილურის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

ქალაქ იამატოში გაკრული ბანერები ახალი აკრძალვის შესახებ იტყობინება. ფოტო: Behrouz Mehri

კანონპროექტის შემუშავებას წინ არაერთი კვლევა უსწრებდა. მაგალითად, 2014 წელს იაპონურმა კომპანიამ NTT Docomo კომპიუტერული სიმულაცია შექმნა, რათა გაერკვია, რა მოხდებოდა, თუ სმარტფონში თავჩარგული 1500 ადამიანი ერთდროულად გადაკვეთდა ტოკიოში მდებარე შიბუიას სადგურზე არსებულ საფეხმავლო გადასასვლელს. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს 446 ფეხით მოსიარულე შეეჯახებოდა, 103 კი წაიქცეოდა.

ახალი კანონის დამრღვევებს სასჯელი არ ემუქრებათ, თუმცა იამატოს მაცხოვრებლები მას მაინც იცავენ. ქალაქში იმედოვნებენ, რომ ის არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ სმარტფონზე დამოკიდებულების შემსუბუქებასაც შეუწყობს ხელს.

კომენტარები

ბოლო ამბები