Thumbnail

Galaxy Note 20 Ultra-ს სავარაუდო დიზაინის სურათები გავრცელდა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

მედიასა და სოციალურ ქსელებში Samsung-ის მომავალი ფლაგმანის, Galaxy Note 20 Ultra-ს სავარაუდო დიზაინის ფოტოები გავრცელდა. სურათები რუსმა იუთუბერმა მოიპოვა, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი Samsung-ის ოფიციალურ საიტზე აღმოაჩინა. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფოტოები Galaxy Note 8-ისადმი მიძღვნილ გვერდზე იმ ტექსტის ქვეშ არის განთავსებული, რომელიც მომხმარებლებს ამ სერიის უფრო ახალ მოდელს, Note 10-ს სთავაზობს. ამ დროისთვის აღნიშნული მასალა ვებგვერდზე აღარ იძებნება.

გავრცელებული ფოტოსურათების მიხედვით, ახალი ფლაგმანი დიზაინით წელს გამოსულ Galaxy S20 Ultra-ს ჰგავს.

მას შემდეგ, რაც Samsung-მა Galaxy-ის სერიის უახლესი მოდელები S20, S20+ და S20 Ultra, გამოუშვა, მომხმარებლები ამ სმარტფონის Note ვერსიითაც დაინტერესდნენ. გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ახალი ფლაგმანის დიზაინი აღნიშნული მოდელების მსგავსია. მასაც კამერების ოთხკუთხედი პანელი აქვს, სადაც 4 კამერაა განთავსებული. სურათებით რთულია იმის დადგენა, თუ რა კალიბრის ლინზებს შემოგვთავაზებს კომპანია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სმარტფონს 48-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა ექნება, რომელიც გადასაღები ობიექტის ასჯერ გადიდების საშუალებას იძლევა და ამ დრომდე მხოლოდ S20 Ultra-ს კომპლექტაციაში შედის.

Samsung-მა Galaxy S20-ის სერიის სმარტფონები წარადგინა

სავარაუდოდ, Galaxy Note 20 Ultra-ს სპილენძისფერი ვერსიაც გამოვა. ისევე, როგორც Note სერიის სხვა წარმომადგენლებს, მას სტაილუსიც ექნება. სმარტფონი ასევე პროცესორით Snapdragon 865 და 6,7-დუიმიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი და 5G მხარდაჭერა ექნება. იმის მიუხედავად, რომ ახალი მოდელი ჯერჯერობით ოფიციალურად დაანონსებული არ არის, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მესვეურები მას ფართო საზოგადოებას 5 აგვისტოს წარუდგენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები