Thumbnail

Tesla ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა

ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასი ერთ დღეში 4 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 1120 აშშ დოლარს მიაღწია. ამის შედეგად მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 210 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც იაპონური საავტომობილო გიგანტის, Toyota-ს ღირებულებას დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ Tesla მსოფლიოში ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა.

► კორონავირუსის პანდემიის გამო Tesla-ს ელექტრომობილები გაიაფდა

აღსანიშნავია, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე ადგილზე გადანაცვლების მიუხედავად, გაყიდვების მაჩვენებლით კლავინდებურად Toyota ლიდერობს. გასულ წელს იაპონურმა კომპანიამ Tesla-ზე 30-ჯერ მეტი მანქანა გაყიდა და წლიური შემოსავალიც 10-ჯერ მაღალი ჰქონდა. 

Tesla Model X

ილონ მასკის კომპანიის აქციების ღირებულების ზრდა 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყო. ამის მიზეზად ექსპერტები ინვესტორთა თავდაჯერებულობას ასახელებენ, რომლებიც Tesla-ს პოტენციალში დარწმუნებულები არიან და ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ის ელექტრომობილების ბაზარზე დომინანტი გახდება. 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 103 ათასი ელექტრომობილი აწარმოა, წლის ბოლომდე კი საერთო ჯამში ნახევარი მილიონი ავტომანქანის გამოშვება იგეგმება. 

ფინანსურად წარუმატებელი წლების შემდეგ, კალიფორნიულ კომპანიას ზედიზედ სამი მომგებიანი კვარტალი ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ეს ტენდენცია 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაშიც შენარჩუნდა. საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მან ისეთ ცნობილ კორპორაციებს გადაუსწრო, როგორებიც არიან Coca-Cola, Disney, PayPal, Cisco, Merck და სხვა. ამჟამად საფონდო ბირჟის ინდექსით S&P 500 ილონ მასკის კომპანია მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები