Thumbnail

საშინელებათა ფილმების მოყვარულები პანდემიას მეტად მომზადებულები შეხვდნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჩიკაგოსა და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომუშავე ფსიქოლოგების მიერ დანიელ კოლეგებთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საშინელებათა ფილმების მოყვარული ადამიანები კორონავირუსის პანდემიას სხვებზე მეტად მომზადებულები შეხვდნენ. მათი ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე PsyArXiv გამოქვეყნდა.

ახალი კვლევის მიხედვით, გინებას ტკივილის შემსუბუქება შეუძლია

კვლევაში მონაწილეობა 310-მა მოხალისემ მიიღო. ფილმებისა თუ სატელევიზიო შოუების წინასწარ შერჩეული 10 ჟანრიდან მათ ის უნდა აერჩიათ, რომელსაც უპირატესობას ანიჭებდნენ. ამის გარდა, მეცნიერებმა თითოეულ ცდისპირს გამოჰკითხეს, რამდენად გაუჭირდათ პანდემიასთან შეგუება და ხომ არ აწუხებდათ შფოთვა, უძილობა, დეპრესია ან გაღიზიანებადობა. შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ საშინელებათა ჟანრის მოყვარულთათვის მსოფლიოში ამჟამად არსებული მდგომარეობა ნაკლებად სტრესული აღმოჩნდა. მათი თქმით, პოსტაპოკალიპტური და სხვა მსგავსი თემატიკის კინოსურათებით გატაცებული ადამიანები მიმდინარე კრიზისს ბევრად მარტივად უმკლავდებიან.

ორჰუსის უნივერსიტეტის პროფესორი, მათიას კლეისენი. ფოტო: TEDx Talks

"მათ, ვისაც ასეთი ფილმები მრავალჯერ უნახავთ, კარგად იცნობენ წარმოსახვითი სოციალური ძვრებისა თუ საომარი მოქმედებების დროს ცხოვრების პირობებს, როდესაც ადამიანები კატასტროფულ მოვლენებს ერთსა და იმავე დროს ალტრუისტული და ეგოისტური ქმედებებით პასუხობენ. სწორედ ამიტომ, საკუთარი ფანტაზიის წყალობით, ისინი იმ ხალხზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვისაც სამყაროს აღსასრული არასდროს წარმოუდგენია", - აცხადებს ორჰუსის უნივერსიტეტის პროფესორი და ნაშრომის თანაავტორი, მათიას კლეისენი.

მკვლევართა თქმით, ჩვენი ფანტაზიით შექმნილი, წიგნებში აღწერილი თუ კინემატოგრაფში წარმოჩენილი რეალობა ისეთი მოვლენებისთვის გვამზადებს, რომლებიც, შესაძლოა, სინამდვილეშიც მოხდეს. მათი აზრით, წარმოსახვა ადამიანის მიერ ევოლუციის პროცესში შეძენილი უნარია, რომელიც ჩვენს წინაპრებს გადარჩენისთვის ბრძოლაში დაეხმარა და დღემდე ძალას გვმატებს, რომ არასახარბიელო სიტუაციებს თავი გავართვათ.

კომენტარები

ბოლო ამბები