Thumbnail

2100 წლისთვის თევზის სახეობათა 60 პროცენტი, შესაძლოა, გადაშენდეს

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

გერმანიაში მდებარე ალფრედ ვეგენერის სახელობის პოლარული და საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2100 წლისთვის თევზის შესწავლილი სახეობების 60 პროცენტს გადაშენება ემუქრება. გამოცემაში Science გამოქვეყებული კვლევის მიხედვით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლიმატის დათბობის მაჩვენებელი 5°C-ს მიაღწევს.

2100 წლისთვის ქვიშიანი სანაპიროების დიდი ნაწილის გაქრობაა მოსალოდნელი

იმის გასაგებად, თუ რა გავლენას ახდენს მლაშე და მტკნარი წყლის ბინადრებზე ტემპერატურის მატება, მეცნიერებმა თევზების 700-მდე სახეობა შეისწავლეს, მათ შორის, უკვე გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი ატლანტიკური ვირთევზა, წყნარი ოკეანის ორაგული, შიმშერი, მინტაი და სხვა. აღმოჩნდა, რომ ისინი გაცილებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. 

გასული ათწლეულის განმავლობაში ათასობით თევზი წყლის დათბობისა და მასში ჟანგბადის დაბალი დონის გამო დაიხოცა.

კვლევამ აჩვენა, რომ ამა თუ იმ სახეობის პოპულაციის რაოდენობა დიდწილად სწორედ ტემპერატურაზეა დამოკიდებული. რაც უფრო თბილია წყალი, მით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ თევზები. მათ მეტი ჟანგბადი სჭირდებათ, რომლის შემცველობაც წყალში მის დათბობასთან ერთად მცირდება. ასეთ პირობებში კი განსაკუთრებული საფრთხე ქვირითობის პერიოდში მყოფ თევზებს და ემბრიონებს ემუქრება, რომლებსაც ჟანგბადის დონის რეგულირება არ შეუძლიათ.

კარანტინის გამო დაკეტილ აკვარიუმში თევზებს დეპრესია დაეწყოთ

წყლის რამდენიმე გრადუსით დათბობა სახეობათა ნახევარზე მეტს გადაშენების საფრთხეს შეუქმნის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეკოსისტემისთვის ერთი სახეობის გაქრობაც კი შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს, თუმცა მათი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ კლიმატის ცვლილების პრობლემას სერიოზულად მივუდგებით და მომდევნო ათწლეულებში ტემპერატურის ზრდა 1.5°C-ს არ გადააჭარბებს, 2100 წლისთვის რისკის ქვეშ შესწავლილი სახეობების მხოლოდ 10 პროცენტი აღმოჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები