Thumbnail

ნახეთ: ამ ვიდეოს საშუალებით მარსზე მდებარე ყინულით სავსე კრატერს გადაუფრენთ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) მარსზე მდებარე კოროლიოვის კრატერის ამსახველი ახალი სამგანზომილებიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც ამ შთამბეჭდავი ადგილის თავზე გადაფრენა და ყინულით სავსე ღრმულის ახლოდან დათვალიერებაა შესაძლებელი. 

► მარსზე გადაღებული 7 უცნაური და საიდუმლოებით მოცული ფოტოსურათი

ვიდეო სააგენტოს მიერ მარსის ორბიტაზე 2003 წელს გაშვებულ კოსმოსურ ხომალდზე Mars Express დამონტაჟებული მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერით HRSC გადაღებული ფოტოსურათებითაა აწყობილი, რომლებიც ტოპოგრაფიულ მონაცემებთან შეაჯერეს და სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს. კრატერი, რომელსაც სახელი ცნობილი საბჭოთა სარაკეტო ინჟინრის, სერგეი კოროლიოვის პატივსაცემად დაარქვეს, წითელი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო მდებარე დიუნების სამხრეთითაა განლაგებული. მისი დიამეტრი 82 კილომეტრია, სიღრმე კი სულ მცირე 2 კილომეტრი. უზარმაზარი ბუნებრივი რეზერვუარი ტემპერატურის ცვლილებისგან კარგადაა დაცული და ყინული იქ არასდროს დნება. 

 

ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური აპარატი მარსს უკვე თითქმის ორი ათწლეულია იკვლევს. ამ დროის განმავლობაში მან წითელი პლანეტის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. სწორედ Mars Express-ს მიეწერება ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე ყინულის შრის ქვემოთ თხევადი წყლით სავსე ტბის აღმოჩენაც, რამაც მარსის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები