Thumbnail

ჩინეთში შავი ჭირით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შიდა მონღოლეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ბაიანნურში მწვავე ინფექციური დაავადების, ბუბონური შავი ჭირით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მესამე დონის განგაში გამოაცხადა, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება.

ბაიანნურის ჯანდაცვის მუნიციპალური კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოქალაქის შავი ჭირით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა საავადმყოფომ 4 ივლისს გაავრცელა. პაციენტი ქალაქში მცხოვრები მწყემსია, რომელიც ამჟამად კარანტინში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩინური გამოცემის Global Times ცნობით, ამ დროისთვის კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს. დაავადებული 15 წლის მოზარდია, რომელსაც ძაღლის მიერ მონადირებულ ვირზაზუნასთან ჰქონდა კონტაქტი.

ბაბონური შავი ჭირით დაავადებული პაციენტის ლიმფიდან აღებული ნაცხი. 

შავი ჭირის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებამ მესამე დონის განგაში 5 ივლისს გამოაცხადა. მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვა მოეთხოვება. მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ინფექციის გადამტან ცხოველებზე ნადირობისა და მათი ხორცის ჭამისგან, საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას კი დაუყოვნებლად მიმართონ ექიმს.

ბუბონურ შავ ჭირს ბაცილა Yersinia pestis იწვევს. ერთ-ერთი ყველაზე პათოგენური და აგრესიული ბაქტერია ძირითადად მცირე ზომის ძუძუმწოვრებში ბინადრობს და ადამიანის ორგანიზმში რწყილის ნაკბენით ხვდება. მის მიერ გამოწვეულ დაავადებას ციებ-ცხელება, ლიმფური კვანძების, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანება ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ მე-14 საუკუნეში შავი ჭირის პანდემიის დროს ევროპის მოსახლეობის 30-დან 60 პროცენტამდე დაიღუპა, თუმცა დღეს სწორი მკურნალობის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10 პროცენტს არ აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები