Thumbnail

მეცნიერთა თქმით, ძაღლის სიცოცხლის 1 წელი ადამიანის 7 წელს არ უდრის

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

სან დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძაღლის სიცოცხლის 1 წელი ადამიანის 7 წელს უდრის, არასწორია. მათ ჩვენი და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ასაკის ურთიერთშეფარდების გამოსათვლელად სპეციალური ფორმულა შეიმუშავეს, რომელიც გამოცემაში Cell Systems გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ახალი კვლევა მოწმობს, რომ გარდატეხის ასაკი ძაღლებსაც აქვთ

მკვლევრებმა ლეკვობიდან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ლაბრადორისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებში ეპიგენეტიკური ცვლილებები გააანალიზეს. მათ გამოიკვლიეს, როგორ გროვდებოდა წლების განმავლობაში ცხოველის დნმ-ში მეთილის ჯგუფები და მიღებული ინფორმაცია ადამიანების მონაცემებთან შეადარეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლების გენომის მეთილაცია მათი სიცოცხლის პირველ წლებში ბევრად ინტენსიურია, ვიდრე შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, ისინი ზრდასრულობას სწრაფად აღწევენ, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მათი დაბერების პროცესი ნელდება. 

მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულის მიხედვით შედგენილ ცხრილში ადამიანისა და ლაბრადორის ასაკის ურთიერთშეფარდებაა ასახული. 

იმის დასადგენად, ადამიანის სიცოცხლის რამდენ წელს შეესაბამება ძაღლის ასაკი, მეცნიერები მისი ნატურალური ლოგარითმის დათვლას, შემდეგ 16-ზე გაამრავლებასა და მიღებული შედეგისთვის 31-ის დამატებას გვირჩევენ: ln(2) x 16 + 31. მათ მიერ შემუშავებული ფორმულის მიხედვით, 12 თვის ძაღლი 30 წლის ადამიანის თანატოლია, მისი სიცოცხლის 4 წელი ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 50 წელს უდრის, 7 კი 70-ს.

მსოფლიოში უხუცესი ოქროსფერი რეტრივერი 20 წლის გახდა

იმის მიუხედავად, რომ მკვლევრებმა მხოლოდ ლაბრადორებისგან აღებული ბიოლოგიური ნიმუშები შეისწავლეს, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ფორმულა სხვა ჯიშის ძაღლებზეც ეფექტურად იმუშავებს. მეცნიერთა აზრით, ძაღლების დაბერების პროცესის უკეთ გააზრება ვეტერინარებს მკურნალობის შესაბამისი კურსის შერჩევასა და შინაური ცხოველების სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები