Thumbnail

10 გამორჩეული ჰუმანოიდი რობოტი

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და კაცობრიობის ბოლოდროინდელი მიღწევები ხშირად განცვიფრებასაც კი იწვევს. განსაკუთრებით საინტერესო ამ მხრივ ჰუმანოიდი რობოტებია, რომლებიც დღითიდღე უფრო გვემსგავსებიან, ჩვენს უნარ-ჩვევებს იძენენ და ისეთ დავალებებსაც ასრულებენ, რომელთა განხორციელებაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

ჩვენს სტატიაში სწორედ 10 გამორჩეულ ჰუმანოიდ რობოტს გაგაცნობთ.

10. Digit

ეს რობოტი 2019 წელს ამერიკულმა კომპანიამ Agility Robotics შექმნა. ის ძალზე მოქნილია, ხელებით ბალანსს იცავს და სიმძიმეებს ეზიდება, კორპუსში ჩამონტაჟებული სენსორებით სივრცეს აღიქვამს და დაბრკოლებებსაც მარტივად ლახავს. სწორედ ამიტომ, კომპანია Ford მას შეკვეთების დანიშნულების ადგილზე მისატანად იყენებს.

9. Stuntronics

Walt Disney Imagineering ამ რობოტს კინოგადაღებებში გამოსაყენებლად ავითარებს. მისი დახვეწილი აკრობატული მოძრაობები ძალზე შთამბეჭდავია. როტაციისა და პოზების კონტროლთან ერთად, რობოტს წინასწარ განსაზღვრულ წერტილში დაშვებაც შეუძლია. გამორიცხული არაა, უახლოეს მომავალში ის კასკადიორის სახით რომელიმე ფილმის გადასაღებ მოედანზეც ვიხილოთ.

8. HRP-5P

იაპონიის საწარმოო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ შექმნილი HRP-5P სივრცისა და იქ განლაგებული ნივთების კარგი აღქმის უნარით გამოირჩევა. რობოტი ცნობს და იყენებს ისეთ ხელსაწყოებს, როგორიცაა ჩაქუჩი ან ბურღი და 13 კილოგრამამდე წონის სამშენებლო მასალების გადაზიდვასაც ახერხებს.

7. Valkyrie

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) უკვე წლებია, ჰუმანოიდი რობოტების შექმნაზე მუშაობს. "ვალკირია" კი, რომლის გამოყენებაც მთვარისა და მარსის მისიებში იგეგმება, მათ შორის ყველაზე დახვეწილია. ამ რობოტის წინამორბედი 2011 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც გამოსცადეს, თუმცა, დადებითი შედეგების მიუხედავად, მისი ეფექტურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

6. Surena

თეირანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ რობოტის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყეს, 2020 წელს კი მისი მეოთხე, განახლებული მოდელი გამოუშვეს. "სურენას" ადამიანის მოძრაობებისა და პოზების გამეორება შეუძლია, იცის წერა და მცირე საგნების ხელში დაჭერასაც ახერხებს. ირანში მას ხელოვნური ინტელექტის შესწავლისკენ მიმართულ კვლევებში იყენებენ.

5. Asimo

რობოტს, რომელსაც კომპანია Honda უშვებს, სივრცის აღქმა, სირბილი, ცეკვა, მოძრავი საგნების იდენტიფიცირება, ბრძანებების სხვადასხვა ენაზე მიღება და უამრავი სხვა დავალების შესრულება შეუძლია. ის არაჩვეულებრივი თანაშემწეა, რომელიც ხმის მეშვეობით თანამოსაუბრის იდენტიფიკაციას ახერხებს და მისი ჟესტების ამოცნობის უნარიც აქვს.

4. Pepper

Aldebaran Robotics-ის მიერ შექმნილი ანდროიდი მსოფლიოში ყველაზე კომუნიკაბელური რობოტია. ის 15 ენას ფლობს, ადამიანებს სახეზე ცნობს, საბაზისო ემოციებსაც აღიქვამს და მათთან ამ ყველაფრის გათვალისწინებით ურთიერთობს. "პეპერს" ძირითადად ოფისებსა და სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელთა ინფორმირებისთვის იყენებენ, რაშიც მას მკერდზე განთავსებული სენსორული ეკრანიც ეხმარება.

3. Erica

ეს რობოტი კიოტოსა და ოსაკას უნივერსიტეტების მეცნიერებმა შექმნეს. სხვა უნარებთან ერთად, მათ ანდროიდის ხელოვნურ ინტელექტში სამსახიობო ტექნიკაც ჩანერგეს. 23 წლის ქალის გარეგნობის მქონე "ერიკას" განვითარებული მიმიკა აქვს და ადამიანების ემოციებზე რეაგირება შეუძლია. მალე მისი მონაწილეობით მხატვრული ფილმიც გამოვა. სურათში გადაღებამდე კი ის ერთ-ერთ იაპონურ ტელეარხზე ახალი ამბების წამყვანად მუშაობს.

2. Sophia

"სოფია" წარდგენის დღიდან მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულია და რობოტიკის ერთგვარ ელჩადაც კი ჩამოყალიბდა. ანდროიდს დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი გამოარჩევს. მას სახეების ამოცნობა შეუძლია და კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი აქვს. თუმცა, მთავარი მაინც რობოტის სოციალური როლია, რომლის ფარგლებშიც მან მცირე ხნის წინ საუდის არაბეთის მოქალაქეობაც კი მიიღო.

1. Atlas 

Boston Dynamics-მა "ატლასი" სამაშველო ოპერაციებისთვის შექმნა და მის ფიზიკურ შესაძლებლობებს დღითიდღე აუმჯობესებს. რობოტი ძალზე სწრაფია და წონასწორობის კარგი უნარით გამოირჩევა, სხვადასხვა სიმძიმის ნივთების გადაზიდვაც შეუძლია და რთულ რელიეფზეც ადვილად გადაადგილდება. ის სივრცეს იდეალურად აღიქვამს, რის გამოც არც დაბრკოლებების გადალახვა, ხტომა და კიბეზე ასვლა უჭირს.

კომენტარები

ბოლო ამბები