Thumbnail

აშშ-ში ტვინის მჭამელი ამებით გამოწვეული ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ჰილსბოროს ოლქში ადამიანის ორგანიზმში ტვინის მჭამელი ამების შეჭრით გამოწვეული იშვიათი ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდა. დაწესებულებას არ დაუზუსტებია, ოლქის რომელ ნაწილში აღინიშნა ინფიცირების ფაქტი. უცნობია ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ჩინეთში შავი ჭირით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა

პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის სახელით ცნობილ მწვავე დაავადებას ერთუჯრედიანი ამება Naegleria fowleri იწვევს, რომელიც ორგანიზმში ცხვირიდან ხვდება და ტვინის ქსოვილს აზიანებს. ეს უმარტივესი არსებები ძირითადად თბილ, მტკნარ წყალში - ტბებში, მდინარეებსა და გუბურებში ბინადრობენ, სადაც ბაქტერიებით იკვებებიან. დაავადება იშვიათია და ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა, თუმცა სიმპტომების - სიცხის, გულისრევის, თავის ტკივილისა და ჰალუცინაციების გაჩენიდან ერთ-ორ კვირაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება.

ერთუჯრედიანი ამება Naegleria fowleri.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 97 პროცენტს აჭარბებს. 1962-2018 წლებში ქვეყანაში ამ დაავადების სულ 145 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელება კი მხოლოდ 4-მა პაციენტმა შეძლო. რაც შეეხება კონკრეტულად ფლორიდის შტატს, იქ დროის ამ პერიოდში 37 ადამიანის ინფიცირების შესახებაა ცნობილი.

შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული რეკომენდაციები გასცა. ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მტკნარ და წყალმარჩხ ტბებსა თუ გუბურებში ცურვისგან თავი შეიკავონ, მოერიდონ წყლის ცხვირში მოხვედრას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

კომენტარები

ბოლო ამბები